წმიდა ლეონ დიდმა, რომის პაპმა (440-461) შესანიშნავი და მრავალმხრივი განათლება მიიღო, რაც ბრწყინვალე საერო კარიერას უმზადებდა, მაგრამ სულიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა სხვა გზა აირჩია – წმიდა პაპის, სიქსტ III-ის (432-440) დროს იგი არქიდიაკვნად ეკურთხა, მისი სიკვდილის შემდეგ, 440 წლს, კი რომის პაპიც გახდა. ამ დროს ეკლესიას აშფოთებდა სხვადასხვა მწვალებლური სწავლებები. მღვდელმთავარი ლეონი საოცარ სიმტკიცესა და შეურყევლობას იჩენდა, როცა საქმე აღმსარებლობის დაცვას ეხებოდა. იგი მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით გაბედულად ამხელდა ქრისტეს ერთბუნებოვნებას მქადაგებელ ევტიქისა და დიოსკორეს ერესებს, აგრეთვე ნესტორის მწვალებლობას; ბიზანტიის იმპერატორებთან, თეოდოსი II-სთან (408-450) და მარკიანესთან (450-475) გაგზავნილი ეპისტოლეებით მან დიდად შეუწყო ხელი ქალკედონის IV მსოფლიო კრების (451) მოწვევას მონოფიზიტების დასაგმობად. კრებაზე, რომელსაც 630 ეპისკოპოსი ესწრებოდა, წაკითხულ იქნა მღვდელმთავარ ლეონის ეპისტოლე უკვე მიცვალებული კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ფლავიანეს (447-449) მიმართ, რომელიც 449 წელს ეფესოში გამართულ ავაზაკთა კრებას ემსხვერპლა. პაპის ეპისტოლეში მოცემული იყო მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ, რომელსაც კრების მონაწილე ყველა ეპისკოპოსი დაეთანხმა. ერეტიკოსები ევტიქი და დიოსკორე ეკლესიიდან განკვეთეს. წმიდა პაპი ბარბაროსთა შემოტევებისგანაც იცავდა თავის სამშობლოს: 452 წელს მან სიტყვის ძალით დააშოშმინა იტალიის დასანგრევად და ასაოხრებლად გამზადებული ჰუნების მრისხანე მთავარსარდალი ატილა, 455 წელს კი რომში შემოჭრილ ვანდალების წინამძღვარს ჰუნზერიხს შეაგონა, არ დაენგრია ქალაქი, შენობები არ გადაეწვა და სისხლი არ დაეღვარა.
პაპმა ლეონ დიდმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. ის წინასწარ გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს და მხურვალე ლოცვებითა და ქველისსაქმეებით ემზადებოდა მისთვის.
წმიდა მამა 461 წელს გარდაიცვალა და რომში, ვატიკანის ტაძარში დაკრძალეს. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს 96 ქადაგებას და 143 ეპისტოლეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.