წმიდა აღაპიტე აღმსარებელი, სინადელი ეპისკოპოსი კაბადოკიაში დაიბადა იმპერატორების დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანეს (284-305) დროს. მისი მშობლები ქრისტიანები იყვნენ. წმიდანი სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა მონასტერს მიაშურა, სადაც მკაცრი მარხვის, ლოცვის და სავანის ძმების მსახურების ღვაწლი იტვირთა. გულმოდგინე მოღვაწეობისათვის უფალმა აღაპიტეს სასწაულმოქმედების ნიჭი მიმადლა.
როცა იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) წმიდანის დიდი ფიზიკური ძალის შესახებ შეიტყო, ბრძანა, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, სამხედრო სამსახურში გაემწესებინათ იგი.
ლიკინიუსის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს აღაპიტე შეუერთდა წმიდა მოწამეებს: ვიქტორს, დორიტეს, თეოდულეს და აგრიპას, მაგრამ ცოცხალი დარჩა. მტარვალი იმპერატორის სიკვდილის შემდეგ მას მიეცა შესაძლებლობა, თავი დაეღწია არმიაში მსახურებისათვის. მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (306-337) შეიტყო, რომ აღაპიტე სასწაულთქმედების ნიჭით იყო დაჯილდოვებული და გაგზავნა მასთან ერთი სნეული მსახური, რომელიც წმიდა აღაპიტეს ლოცვით განიკურნა. იმპერატორმა უხვი საბოძვარი აღუთქვა წმიდანს, მან კი ერთადერთი რამ ითხოვა - სამხედრო სამსახურის დატოვებისა და მონასტერში დაბრუნების უფლება. თანხმობის შემდეგ, მან სიხარულით მიაშურა სავანეს.
მალე სინადის ეპისკოპოსმა თავისთან უხმო წმიდა მამას და ხუცესად დაასხა ხელი, მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ კი სასულიერო პირებმაც და ერისკაცებმაც მის ნაცვლად ერთხმად აირჩიეს ღირსი აღაპიტე. ახალი ეპისკოპოსი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა. წმიდა მამა მშვიდობით მიიცვალა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.