უკან დაბრუნება

წმ. ფლაბიანე აღმსარებელისა, კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა (449-450).

წმიდა ფლაბიანე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი წმიდა მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) და მისი დის, კეთილმსახური დედოფლის პულხერიას (+453; ხს. 10 სექტემბერს) ზეობისას განაგებდა ეკლესიას. ამ დროს ქრისტეს სამწყსოს ერთობას მომწამლველმა ერეტიკულმა სწავლებებმა საფრთხე შეუქმნა. 448 წელს, მღვდელმთავარ ფლაბიანეს ძალისხმევით, კონსტანტინეპოლში მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც განიხილა და დაგმო ევტიქის ერესი, თავის ცდომაზე ჯიუტად მდგარი მღვდელმსახური კი ეკლესიიდან განკვეთა და ხარისხი აჰყარა. მწვალებელს ძლიერი მფარველი ჰყავდა იმპერატორთან დაახლოებული საჭურისის, ქრისანთის სახით. ამ უკანასკნელმა ინტრიგების მეშვეობით ევტიქის მხარეს გადმოიბირა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი დიოსკორე და იმპერატორისგან გამოითხოვა ნებართვა ეფესოში კრების მოწვევისა, რომელიც შემდგომ „ავაზაკთა კრების“ სახელით გახდა ცნობილი. ავაზაკთა კრებას დიოსკორე თავმჯდომარეობდა. მან მუქარის და ძალის გამოყენებით მიაღწია ევტიქის გამართლებას და ფლაბიანეს დაგმობას. წმიდა მღვდელმთავარი დაუნდობლად გვემეს უტიფარმა ბერებმა ვინმე ვარსუმის მეთაურობით. თვით უსჯულო დიოსკორეც არ დარჩენილა განზე. ამის შემდეგ ფლაბიანეს მძიმე ბორკილები დაადეს და ეფესოდან გაძევება მიუსაჯეს, მაგრამ უფალმა აარიდა თავის რჩეულს შემდგომი სატანჯველები და შეივედრა მისი სული (+449). კეთილმსახურმა პულხერიამ სასახლე დატოვა, მაგრამ მალე ქრისანთის ინტრიგები გამოაშკარავდა, რის შემდგომაც მეფემ გადააყენა იგი, თავისი და კი ისევ დაიახლოვა. პულხერიას ძალისხმევით წმიდა პატრიარქ ფლაბიანეს უხრწნელი ნაწილები პატივით გადასვენდა ეფესოდან კონსტანტინეპოლში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.