უკან დაბრუნება

ღირსისა რაბულასი (დაახ. 530).

ღირსი რაბულა სირიის ქალაქ სამოსატში დაიბადა და კარგი განათლება მიიღო. ის ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად და წმიდა წინასწარმეტყველის ელიას (ხს. 20 ივლისს) და იოანე ნათლისმცემლის (ხს. 7 იანვარს) მსგავსად მთებსა და უდაბნოებში მოსაგრეობდა. შემდგომში წმიდანი ფილიკიაში გადავიდა, სადაც სახელი გაითქვა მადლმოსილი მოღვაწეობით. იმპერატორმა ზენონმა ღირს რაბულას ფული გამოუყო მონასტრის მოსაწყობად.

ახალი სავანე წარმართი მოსახლეობით იყო გარემოცული, მაგრამ აქ, მოსაგრე მამების ძალისხმევით, ისინი თანდათან ქრისტეს სჯულზე მოექცნენ. ზენონის მემკვიდრის, ანასტასის (491-518) ზეობისას, ღირსი რაბულა კონსტანტინეპოლში გადავიდა. მან იმპერატორისაგან კვლავ მიიღო ფულადი დახმარება და კიდევ რამდენიმე მონასტერი ააშენა სხვადასხვა მხარეში. ღირსმა მამამ მთელი ცხოვრება დაუზარებელ მოღვაწეობაში გალია. იგი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, გულმოწყალებითა და კეთილმოსურნეობით, ამასთან, დიდი მლოცველიც იყო. წმიდანმა 80 წლის ასაკს მიაღწია. ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, დაახლოებით 530 წელს, ღირსმა რაბულამ უფალს შეჰვედრა სული.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.