უკან დაბრუნება

მღვდელმოწამისა სადუკისა, სპარსელი ეპისკოპოსისა და მისთანა 128 მოწამეთა (342-344);

მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი და მასთან ერთად 128 მოწამე სპარსეთში აღესრულნენ საპორ II-ის ზეობისას. სადუკი მღვდელმოწამე სვიმეონის (ხს. 17 აპრილს) მემკვიდრე იყო. ერთხელ, ძილში სვიმეონმა გააფრთხილა იგი მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ. წმიდა მამა ცამდე წვერმიბჯენილი კიბის თავზე მდგომი ეჩვენა ეპისკოპოსს და უთხრა: „ამოდი ჩემთან, სადუკ, და ნუ შიშობ“. მალე მეფე საპორმა ქრისტიანთა დევნა წამოიწყო და ბრძანა, შეეპყროთ სადუკი ღვთისმსახურთა დასთან და სამწყსოსთან ერთად. სულ 128 კაცი დაატუსაღეს, მათ შორის – 9 ქალწული. ისინი საპყრობილეშო ჩააგდეს, სადაც 5 თვის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ და ითხოვდნენ, განეგდოთ ქრისტიანობა და მზისა და ცეცხლისთვის ეცათ თაყვანი. წმიდა მოწამეები გაბედულად პასუხობდნენ: „ჩვენ ქრისტიანები ვართ და ერთადერთ, ჭეშმარიტ ღმერთსა ვცემთ თაყვანს“. ქრისტეს მარტვილებს თავი მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.