1 ინ. 71 დას. II, 18 - III, 10
ყმანო, უკუანაჲსკნელი ჟამი არს და, ვითარცა-იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან, ვინაჲცა უწყით, ვითარმედ უკუანაჲსკნელი ჟამი არს. ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი იყვნეს, დამცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა, არამედ რაჲთა ცხად იყვნენ, რამეთუ არა არიან ყოველნი ჩუენგან. და თქუენცა ცხორებაჲ გაქუს წმიდისა მისგან და იცით ყოველივე. და მივწერე თქუენდა, ვითარმედ არა იცით ჭეშმარიტებაჲ იგი, არამედ ვითარმედ იცით იგი და რამეთუ ყოველი ტყუვილი ჭეშმარიტებისაგან არა არს. ვინ-მე არს მტყუარი იგი? ანუ არა, რომელმან უარ-ყოსა, ვითარმედ იესუ არა არს ქრისტე? ესე არს ანტიქრისტე, რომელმან უარ-ყოს მამაჲ და ძე. ყოველმან რომელმან უარყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა. თქუენ უკუე, რომელი-იგი გესმა პირველითგან, თქუენ თანა ეგენ. უკუეთუ თქუენ თანა ეგოს, რომელი-იგი გესმა პირველითგან, და თქუენცა ძისა თანა და მამისა ეგნეთ. და ესე არს აღთქუმაჲ, რომელი-იგი მან აღმითქუა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ. ესე მივწერე თქუენდა მაცთუნებელთა მათ თქუენთათჳს. და თქუენცა ცხებულებაჲ იგი რომელი მიიღეთ მისგან, თქუენ თანა ჰგიეს და არა გიჴმს, ვითარმცა ვინ გასწავა თქუენ, არამედ თჳთ იგივე ცხებულებაჲ გასწავებს თქუენ ყოვლისათჳს. და ჭეშმარიტ არს და არა არს ტყუილ; და ვითარცა-იგი გასწავა თქუენ, ეგენით მას ზედა. და აწ, შვილნო, ეგენით მას ზედა, რაჲთა, რაჟამს გამოცხადნეს, გუაქუნდეს კადნიერებაჲ და არა მრცხუენეს მისგან მოსლვასა მას მისსა. უკუეთუ იცით, ვითარმედ მართალ არს, უწყოდეთ, რამეთუ ყოველმან რომელმან ყოს სიმართლე, მისგან შობილ არს. იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაჲთა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ. ამისთჳს სოფელმან არა გიცნის თქუენ, რამეთუ არცა იგი იცნეს. საყუარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ და არღარა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ. გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავსად მისსა ვიყვნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი, ვითარცა იგი არს. და ყოველსა რომელსა აქუნდეს სასოებაჲ ესე მისა მიმართ, განიწმიდოს თავი თჳსი, ვითარცა იგი წმიდა არს. ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მან უსჯულოებაჲცა ქმნეს და ცოდვა იგი არს უსჯულოებაჲ. და იცით, რამეთუ იგი გამოჩნდა, რაჲთა ცოდვანი ჩუენნი აღიხუნეს და ცოდვაჲ მის თანა არა არს. ყოველი რომელი მის თანა ეგოს, არცა ცოდოს და ყოველი რომელი ცოდვიდეს, მას არა უხილავს იგი, არცა იცის იგი. შვილნო, ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ. რომელმან ქმნეს სიმართლე, იგი მართალ არს, ვითარცა იგი თავადიცა მართალ არს. რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს. ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი. ყოველი რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაჲ არა ქმნეს, რამეთუ თესლი მისი მის თანა დადგრომილ არს. და ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ არს. ამის მიერ ცხად არიან შვილნი ღმრთისანი და შვილნი ეშმაკისანი.
მკ. 49 დას. XI, 1-11
და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა. ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი. ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას? ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ. და მოიყვანეს კიცჳ იგი იესუჲსა. და დაასხეს მას ზედა სამოსელი მათი, და დაჯდა მას ზედა. და მრავალნი სამოსელსა მათსა დაუფენდეს გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. და რომელნი წინა-უძღოდეს და რომელნი უკუანა შეუდგეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა მაღალთა შინა! კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! კურთხეულ არს მოსლვაჲ მეუფისა დავითის, მამისა ჩუენისაჲ! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა! და შევიდა იესუ იერუსალჱმდ და ტაძარსა მას და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი. და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა.