2 ინ. 75 დას. I, 1-13
მოხუცებული რჩეულსა დედოფალსა და შვილთა მისთა, რომელნი მიუყარან მე ჭეშმარიტებით და არა ხოლო მე, არამედ ყოველთავე, რომელთა უცნობიეს ჭეშმარიტებაჲ. ჭეშმარიტებისაგან, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის და ჩუენ თანა იყოს უკუნისამდე. იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესუ ქრისტესა ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით.
განვიხარე ფრიად, რამეთუ ვპოენ შვილთაგან შენთა, რომელნი ვლენან ჭეშმარიტებით, ვითარცა-იგი მცნებაჲ მოვიღეთ მამისაგან. და აწ გიკითხავ შენ, დედოფალო, არა ვითარცა მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა, არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას. და ესე არს სიყუარული, რაჲთა ვიდოდით მცნებათაებრ მისთა, და ესე არს მცნებაჲ მისი, ვითარცა-იგი გესმა დასაბამითგან, რაჲთა მას შინა ხჳდოდით. რამეთუ მრავალნი მაცთურნი შემოვიდეს სოფლად, რომელნი არა აღიარებენ იესუ ქრისტესა ჴორციელად მოსრულსა; ესე არს მაცთური და ანტიქრისტე. ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარვწყმიდოთ, რაჲ-იგი ვქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მოვიღოთ. ყოველივე რომელი გარდაჰჴდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს. რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხაროდენ“ ნუ ეტყჳთ მას. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ“, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა.
მრავალი მინდა მიწერად თქუენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და მელნითა, რამეთუ ვესავ მოსლვად თქუენდა და პირისპირ სიტყუად, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს. გიკითხვენ შენ შვილნი დისა შენისა რჩეულისანი.
მკ. 68 დას. XV, 22, 25, 33-41
მოიყვანეს იგი გოლგოთას, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით: თხემისა ადგილი. ხოლო იყო ჟამი მესამე, და ჯუარს-აცუეს იგი. და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე? და რომელთამე წინაშე მდგომელთა ესმა და იტყოდეს: აჰა ელიას ხადის. და მირბიოდა ერთი და აღავსო ღრუბელი ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა და იტყოდა: უტევეთ, ვიხილოთ, უკუეთუ მოვიდეს ელია გარდამოჴსნად მაგისა. ხოლო იესუ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული. და კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად, ზეითგან ვიდრე ქუედმდე. და ვითარცა იხილა ასისთავმან მან, რომელი დგა წინაშე მისსა, რამეთუ ესრეთ ღაღატ-ყო და განუტევა სული, თქუა: ჭეშმარიტად კაცი ესე ძე ღმრთისაჲ იყო. ხოლო იყვნეს დედანიცა, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალენელი და მარიამ იაკობისი მცირისაჲ და იოსეს დედაჲ და სალომე, რომელნი, ოდეს იყო გალილეას, შეუდგეს მას და ჰმსახურებდეს, და სხუანი მრავალნი, რომელნი მის თანა აღსრულ იყვნეს იერუსალჱმდ.