ღირსი თალალე V საუკუნეში ცხოვრობდა. წარმოშობით იგი კილიკიიდან (მცირე აზია) იყო, ბერად იგი საბა განწმენდილის ლავრაში აღეკვეცა და იქვე ეკურთხა მღვდლად. მოგვიანებით, სირიაში გადახვეწილმა მამამ ქალაქ ჰავალის მახლობლად მიტოვებული, აკლდამებით გარშემორტყმული სამსხვერპლო იპოვა და იქ დაემკვიდრა კარავში. აქაურობას ცუდი სახელი ჰქონდა გავარდნილი, რადგან შიგ დაბუდებული ბოროტი სულები აფრთხობდნენ და მრავალ ბოროტებას შეამთხვევდნენ მგზავრებს. აი, ამგვარ ადგილას დაეყუდა ღირსი თალალე და განუწყვეტელ ლოცვას მიეცა. ეშმაკები საშინელი ღრიანცელითა თუ ამაზრზენი ჩვენებებით დიდხანს ცდილობდნენ მის შეშფოთებას, მაგრამ ღირსმა მამამ, ღვთის შეწევნით, დაამარცხა, საბოლოოდ დათრგუნა და და თავიდან მოიშორა აბეზარი მტერი. ამის შემდეგ მან კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი: ისეთი ვიწრო ქოხი აიშენა, რომ თავდახრილი ძლივს მოძრაობდა და აქ იცხოვრა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში.
უფალმა წმიდანს საკვირველთქმედების ნიჭი მიმადლა. მის მიერ აღსრულებული სასწაულები მრავალს მოაქცევდა ქრისტეს სჯულზე. გაქრისტიანებული წარმართების მეშვეობით ღირსმა მამამ დაარღვია სამსხვერპლო, მის ადგილზე ტაძარი ააშენა და შიგ ყოველდღიური მსახურება განაწესა. წმიდა თალალე გარდაიცვალა დაახლოებით 460 წელს, ღრმა მოხუცებულობაში. იოანე მოსხის (+622) „ლიმონარში“ ღირს მამაზე ნათქვამია, 60 წელი იყო მონაზონი თალალე კილიკიელი და არასოდეს შეუწყვეტია ცრემლთა ღვრა, ამბობდა: ეს დრო ღმერთმა სინანულისათვის მოგვცა, ძმებო, და თუ მას დავკარგავთ, მკაცრად დავისჯებით.
წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.