წმიდა დიდმოწამე ნიკიტა, გუთი მხედარი, ცხოვრობდა IV საუკუნეში, დუნაის ნაპირას. ამ დროს ქრისტეს სარწმუნოება უკვე ფართოდ იყო გავრცელებული გუთების ქვეყანაში. წმიდა ნიკიტა სახარების ნათლით ადგილობრივმა ეპისკოპოსმა, I მსოფლიო კრების მონაწილემ, თეოფილემ გაანათლა. ქრისტიანობის დამკვიდრებას ქვეყანაში წინ აღუდგნენ წარმართი გუთები, რასაც შედეგად შინაბრძოლები მოჰყვა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანთა ლაშქრის წინამძღოლმა, ფრიტიგერნმა წარმართი ათანარიხი დაამარცხა, ბარბაროსთა შორის მაცხოვნებელი სწავლების ქადაგება სულ უფრო და უფრო მზარდი წარმატებით ხორციელდებოდა. ეპისკოპოსმა ულფილამ შექმნა გუთური ანბანი და გუთთა ენაზე მრავალი საღვთისმსახურო წიგნი თარგმნა. თავისი ცხოვრებითა და შთაგონებული საუბრებით მან მრავალი უღმრთო მოაქცია ქრისტიანობაზე; მაგრამ ათანარიხმა დამარცხების შემდეგ შეძლო ძალების აღდგენა, სამშობლოში დაბრუნდა და კვლავ ძველებური ძლევამოსილებით შეიმოსა.
კერპთმსახურთა ცრუსარწმუნოების ერთგულს, მას უწინდებურად სძულდა ქრისტიანები და სასტიკად დევნიდა მათ. წმიდა ნიკიტამ გაბედულად ამხილა უსჯულო და შეეცადა, იგი ჭეშმარიტების მსახურების გზაზე დაეყენებინა, მაგრამ ათანარიხმა შეიპყრო უფლის რჩეული და საშინელი წამების შემდეგ ცეცხლში შეაგდო. ასე დაასრულა ცხოვრება დიდმოწამე ნიკიტამ დაახლოებით 372 წელს. წმიდანის მეგობარმა, ქრისტიანმა მარიანოსმა ღამით მოძებნა ცეცხლისგან სრულიად დაუზიანებელი, საკვირველი ნათლით გაბრწყინებული მარტვილის ცხედარი, კილიკიაში გადაასვენა და იქვე დაკრძალა. მისი ზოგი უხრწნელი ნაწილი მოგვიანებთი სერბეთში იქნა გადაბრძანებული.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.