უკან დაბრუნება

მღვდელმოწამისა თეოდოტესი, კვირინელი ეპისკოპოსისა (დაახ. 326);

წმიდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირინელი (+326), კვიპროსის ქალაქ კირიის ეპისკოპოსი, წარმოშობით გალატიიდან იყო. უსჯულო ლიკინიუსის დროს (307-324) იგი წარმართთა შორის უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას. კვიპროსის მთავარმა, საბინმა, ბრძანა, ეპისკოპოსი შეეპყროთ. ეს რომ წმიდანმა გაიგო, თვითონ გამოცხადდა მასთან და უთხრა: „მე ვარ ის, ვისაც ეძებ, მოვედი, რათა ვაღიარო ქრისტე ღმერთი”. მთავრის ბრძანებით თეოდოტე უმოწყალოდ სცემეს, ხეზე მიაბეს, ბასრი დანებით დასერეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. ხუთი დღის შემდეგ მოწამე ისევ მიჰგვარეს საბინს, რომელმაც კვლავ სარწმუნოების გამოცვლა მოითხოვა მისგან. თეოდოტეს ქრისტეს ქადაგება არ შეუწყვეტია. ჯალათებმა წმიდანი რკინის მესრებზე დააწვინეს და ცეცხლი შეუნთეს, შემდეგ ფეხებზე ლურსმნები გაურჭვეს და სიარული აიძულეს. წმიდა თეოდოტეს წამების მოწმენი, მისი მოთმინებითა და ღვთივსულიერი სიტყვებით აღფრთოვანებულნი, აღიარებდნენ ქრისტეს. როცა ეს საბინმა გაიგო, წამების შეწყვეტა ბრძანა, წმიდანი კი დაატუსაღა.

მალე, წმიდა კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) ბრძანებით, თავისუფლება მიენიჭა ყველა პყრობილ ქრისტიანს. სხვებთან ერთად განთავისუფლდა წმიდა თეოდოტეც. წმიდანი კირინში დაბრუნდა, სადაც ორი წელი იმსახურა ეპისკოპოსად, შემდეგ კი 326 წელს, მშვიდობით მიიცვალა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.