უკან დაბრუნება

ღირსისა ისიხიოსისა (დაახ. 790);

ღირსი ისიხიოს მმარხველი (+434) დაიბადა ბითვინიის ქალაქ ადრინიაში. ღვთისმოსაობაში გაზრდილმა ისიხიოსმა დატოვა სახლი და დაეყუდა მაიონისის მთის უდაბურ ადგილას. მან სძლია ბოროტი სულების, ირგვლივ მობინადრე მტაცებელი მხეცებისა და ავაზაკების შიშს, გაიკეთა კელია, გააშენა ბოსტანი და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. ცოტა ხნის შემდეგ წმიდა ისიხიოსთან მოწაფეები მივიდნენ. ღირსმა მამამ ეკლესია ააშენა წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელზე. წმიდა ისიხიოსი სიცოცხლეშივე სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მას ეშმაკეული გოგონა მიჰგვარეს. მშობლების თხოვნით ღირსმა ისიხიოსმა იგი განკურნა და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ადგილას დედათა სავანე დაარსდებოდა. მომავალში ეს წინასწარმეტყველება ახდა.

გარდაცვალებამდე 30 დღით ადრე წმიდა ისიხიოსს ანგელოზმა აუწყა აღსასრულის მოახლოება, რამაც ღირსი მამა ძლიერ გაახარა. გარდაცვალების წინ მან დაიბარა თავისი მოწაფეები და დიდხანს არიგებდა. შუაღამისას კელია გაანათა ზეციურმა შუქმა და წმიდა ისიხიოსმა სული უფალს შეჰვედრა. მისი მოღვაწეობის ადგილას შემდგომ დედათა მონასტერი აშენდა.

ისიხისის წმიდა ნაწილები, რომელიც დაფლული იყო წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში, 790 წელს თეოფილაქტე ამასიელმა გადაასვენა ქალაქ ამასიაში (მცირე აზია).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.