უკან დაბრუნება

წმიდა ელენე დედოფლის მიერ ჭეშმარიტი ძელისა და სამსჭვალთა პოვნა იერუსალიმში (326);

წარმართი რომაელი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან საბოლოოდ ამოეძირკვათ იმ წმიდა ადგილთა ხსოვნა, სადაც ჯვარს ეცვა და აღსდგა მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ბრძანა, მიწით დაეფარათ გოლგოთა და მაცხოვრის საფლავი, ზედ კი წარმათული ღვთაებების, ვენერასა და იუპიტერის სამსხვერპლო დაედგათ.

ღვთის ნებით, 300 წლისათვის, უდიდესი ქრისტიანული სიწმიდეები _ მაცხოვრის საფლავი და ცხოველსმყოფელი ჯვარი კვლავ განცხადდა მორწმუნეთათვის. ეს მოხდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) დროს, რომელმაც პირველმა შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა, შემდეგ კი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. 313 წელს მან გამოსცა მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანული რელიგია დაკანონდა და იმპერიის დასავლეთ ნაწილში ქრისტიანთა დევნა შეწყდა. ლიკინიუსმა ხელი მოაწერა მილანის ედიქტს, მაგრამ ქრისტიანების დევნას კვლავ აგრძელებდა. მხოლოდ მისი საბოლოო დამარცხების შემდეგ განხორციელდა აღმოსავლეთში კანონი რელიგიის შემწყნარებლობის შესახებ. მოციქულთასწორმა იმპერატორმა ღვთის შემწეობით გაიმარჯვა მტრებზე. ბრძოლის წინ მან იხილა ცაზე გამოსახული ჯვარი წარწერით: „ამით სძლევ“.

წმიდა კონსტანტინემ თვისი დედა, წმიდა ელენე დედოფალი (ხს. 21 მაისს) იერუსალიმში გაგზავნა მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ჯვრის მოსაძებნად. დედოფალმა ელენემ ერთი მოხუცი ებრაელისაგან შეიტყო იმპერატორ ადრიანეს მიერ გოლგოთისა და მაცხოვრის საფლავის ადგილას წარმართული სამსხვერპლოს აგების შესახებ, ბრძანა, დაენგრიათ საკერპო და მოეძებნათ უფლის საფლავი, ნახეს სამი ჯვარი, და ფიცარი, პილატეს მიერ გაკეთებული წარწერით „იესო ნაზარეველი _ მეუფე ჰურიათა“, იპოვეს სამსჭვალნიც. ცხოველსმყოფელი ჯვრის ამოცნობის მიზნით, პატრიარქმა მაკარიმ სათითაოდ შეახო სამივე ჯვარი მიცვალებულს. უფლის ჯვრის შეხებისას მიცვალებული გაცოცხლდა. ამ სასწაულის მხილველი ბევრი იუდეველი და წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ეს მოხდა 326 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.