უკან დაბრუნება

წმ. მღვდელმოწამეთა, ხერსონის ეპისკოპოსთა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ესთერისა, ელპიდიოსისა და აგათოდორესი (IV);

წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე (IV) ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში.

თავრიდის (ყირიმის) პირველი განმანათლებელი წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) იყო. აქ ქრისტიანობის შემდგომ გავრცელებას თვით მტრები უწყობდნენ ხელს: რომის იმპერატორები ამ კუთხეში ასახლებდნენ სახელმწიფო დამნაშავეებს, რომელთა რიცხვში I-III საუკუნეებში ქრისტიანებსაც თვლიდნენ. ტრაიანეს მმართველობის დროს (89-117) ინკერმანის ქვის სამტეხლოებში გადაასახლეს წმიდა კლიმენტი რომაელი (ხს. 25 ნოემბერს). მან აქ გააგრძელა თავისი ქადაგება და აქვე აღესრულა მოწამეობრივად.

IV ს-ის დასაწყისში ხერსონესში დაარსდა საეპისკოპოსო კათედრა. დიოკლეტიანეს მეფობის დროს (284-305), 300 წელს, იერუსალიმის პატრიარქმა ერთმონმა სახარების საქადაგებლად მსოფლიოს ყველა მხარეში გაგზავნა ეპისკოპოსები. ორი მათგანი, ეფრემი და ბასილი, ხერსონესში ჩამოვიდა. შემდგომ ეფრემი დუნაის გასწვრივ მცხოვრებ ხალხთან გაემგზავრა, სადაც ქრისტეს ქადაგებისათვის ბევრი ტანჯვა და დამცირება დაითმინა. დევნის დაწყებისთანავე წმიდა ეფრემს თავი მოჰკვეთეს (ზუსტად ცნობილია მხოლოდ მისი გარდაცვალების დღე - 7 მარტი), წმიდა ბასილიმ მრავალი კერპთაყვანისმცემელი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, რამაც წარმართთა გულისწყრომა გამოიწვია. წმიდა აღმსარებელი დაიჭირეს, უმოწყალოდ სცემეს და ქალაქიდან გააძევეს. წმიდა ბასილიმ მთებს მიაშურა და გამოქვაბულს შეაფარა თავი. ის დაუცხომლად ლოცულობდა ხერსონელების მოქცევისათვის. უფალმა ურწმუნოებს სასწაული მოუვლინა: წმიდანის ლოცვით გაცოცხლდა ცნობილი ხერსონელი მოქალაქის ერთადერთი შვილი. წმიდანი პატივით დააბრუნეს ქალაქში, ბევრმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა.

მალე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) ბრძანებით, ქრისტიანთა დევნა განახლდა. ქრისტეს მტრები წმიდა ბასილის წინააღმდეგაც აღიჭურვნენ. 309 წლის 7 მარტს, ღამით, სახლში მიუვარდნენ, შებოჭეს და ქვებით ჩაქოლეს. წმიდანის გვამი ქალაქგარეთ დააგდეს ნადირთა და ფრინველთა საჯიჯგნად, მაგრამ კარგა ხნის მანძილზე წმიდა ნაწილებს არაფერი მიკარებია. შემდგომ ქრისტიანებმა იგი საიდუმლოდ დაფლეს გამოქვაბულში.

ერთი წლის შემდეგ წმიდა ბასილის თანამოღვაწეებმა - ეპისკოპოსებმა ევგენიმ, ელპიდიმ და აღათოდორემ მისი აღსასრულის ამბავი გაიგეს, დატოვეს ჰელესპონტის ქვეყანა, სადაც ქადაგებდნენ, ხერსონესში ჩამოვიდნენ, მრავალი იღვაწეს, ბოლოს კი წინამორბედების ბედი გაიზიარეს: 311 წლის 7 მარტს გაცოფებულმა წარმართებმა ისინი ქვებით ჩაქოლეს.

რამოდენიმე წლის შემდეგ, უკვე წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) დროს, იერუსალიმიდან ხერსონესში ჩამოვიდა ეპისკოპოსი ეთერიოსი. თავიდან მასაც დიდი წინააღმდეგობები შეხვდა წარმართთა მხრიდან, მაგრამ შემდეგ წმიდა იმპერატორმა გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ხერსონელ ქრისტიანებს თავისუფლად შეეძლოთ ღვთისმსახურების ჩატარება. წმიდა ეთერიოსის ძალისხმევით ქალაქში ქრისტიანული ტაძარი აშენდა.

იმპერატორის წინაშე მადლიერების გამოსახატავად წმიდა ეთერიოსი კონსტანტინეპოლს გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას ის ცუდად გახდა და გარდაიცვალა კურძულ ამოსზე, საბერძნეთში, 7 მარტს.

წმიდა ეთერიოსის ნაცვლად იმპერატორმა ხერსონესში გამოგზავნა ეპისკოპოსი კაპიტონი. ქრისტიანები სიხარულით შეხვდნენ მას, წარმართებმა კი სასწაულის ქმნა მოსთხოვეს. უფლის ნებას მინდობილი კაპიტონი მღვდელმთავრის შესამოსელში აგიზგიზებულ კოცონზე დადგა და დიდხანს ლოცულობდა, შემდეგ კი ფილონის კალთით გახურებული ნაკვერჩხლები გამოიტანა. სასწაულით გაოგნებულმა წარმართებმა ირწმუნეს უფლის ყოვლისშემძლეობა. ამ სასწაულსა და წმიდა კაპიტონის უსაზღვრო რწმენაზე ეუწყათ წმიდა კონსტანტინესა და ნიკეის I მსოფლიო კრების (325 წ.) მონაწილე მამებს. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდა კაპიტონი ეპარქიის საქმეებზე კონსტანტინეპოლში გაემგზავრა. ქარიშხალმა ხომალდი დუნაის ნაპირებზე გამორიყა. ადგილობრივმა წარმართმა მცხოვრებლებმა ხომალდი ხელთ იგდეს და ყველა მგზავრი დაახრჩვეს, მათ შორის წმიდა კაპიტონიც. ეს მოხდა 21 დეკემბერს. წმიდა კაპიტონის ხსენება დაწესდა 7 მარტს, სხვა ხერსონელი მღვდელმთავრების ხსენების დღეს.

მღვდელმოწამეთა ქადაგებამ განამტკიცა ქრისტეს სარწმუნოება ხერსონესში. იქ იქცა სულიერ ცენტრად, საიდანაც ქრისტიანობა ვრცელდებოდა ჩრდილოეთით, რუსეთისაკენ.

987 წელს ხერსონესში მოინათლა წმიდა მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმერი. ეს ქალაქი რუსეთისთვის ქრისტიანობის აკვნად იქცა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.