უკან დაბრუნება

ღირსისა თეოფილაქტე აღმსარებელისა, ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა (842-845);

ღირსი თეოფილაქტე ნოკომიდიელი (842-845) ხატმებრძოლთა ერესის ბატონობის დროს ცხოვრობდა კონსტანტინეპოლში. იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-780) სიკვდილის შემდეგ ტახტზე კონსტანტინე VI (780-797) ავიდა, შეიცვალა პატრიარქიც: წმიდა პავლემ (ხს. 30 აგვისტოს) უარი განაცხადა მღვდელმთავრის კათედრაზე (784 წ.). ახალ პატრიარქად აირჩიეს წმ. ტარასი (ხს. 25 თებერვალს), რომელიც იმ დროს მეფის პირველი მრჩეველი იყო. წმ. ტარასის მოთხოვნით მოიწვიეს VII მსოფლიო კრება (787 წ.), რომელმაც დაგმო ხატმებრძოლეობის ერესი. მართლმადიდებლობას შედარებით მშვიდი ხანა დაუდგა. ისევ აივსო მონასტრები, აღსდგა სულიერი ცხოვრება.

წმიდა ტარასის ერთგული მოწაფე წმიდა თეოფილაქტე წმიდა მიხეილთან (ხს. 23 მაისს) ერთად, პატრიარქის კურთხევით, შავი ზღვისპირა მონასტერში განმარტოვდა. ქრისტეს თავდადებულმა მსახურებმა ღვთივსათნო საქმეებისა და დაუცხრომელი ლოცვისათვის უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღეს: მათი ლოცვით ზაფხულის პაპანაქებასა და გვალვაში ყანაში მომუშავეებს სასმელი წყალი არ მოჰკლებიათ.

მონასტერში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ პატრიარქმა წმიდა მიხეილი - სინადის ეპისკოპოსად, წმ. თეოფილაქტე კი - ნიკომიდიის ეპისკოპოსად აკურთხა.

ეპისკოპოსის ხარისხში მყოფი თეოფილაქტე დაუცხრომლად იღწვოდა თავისი სამწყსოსათვის. აშენებდა ტაძრებს, საავადმყოფოებს, გლახაკთა თავშესაფრებს, უხვად გასცემდა მოწყალებას, მფარველობდა ობლებს, ქვრივებს, უძლურებს, უვლიდა კეთროვნებს.

როცა იმპერატორის ტახტზე ავიდა ხატმებრძოლი ლეონ V სომეხი (813-820), საშინელმა ერესმა ახალი ძალით იფეთქა. იმპერატორზე გავლენა ვერ მოახდინა წმ. ტარასის შემცვლელმა წმიდა ნიკიფორემ (ხს. 2 ივნისს), რომელიც ეპისკოპოსებთან ერთად არწმუნებდა იმპერატორს, არ დაერღვია ეკლესიის სიმშვიდე. მოლაპარაკებაზე მყოფმა თეოფილაქტე ნიკომიდიელმა უშიშრად ამხილა ერეტიკოსები და ლეონ სომეხს მალე გარდაიცვალება უწინასწარმეტყველა. ამისთვის ის ტროვილის ციხესიმაგრეში (მცირე აზია) გადაასახლეს. აქ იტანჯებოდა წმიდა მღვდელმთავარი სიკვდილამდე, 30 წლის განმავლობაში; აღესრულა დაახლოებით 845 წელს.

ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ (847 წ.), წმიდა თეოდორასა (ხს. 11 თებერვალს) და მისი შვილის, მიხეილის დროს, წმიდა ეპისკოპოსის თეოფილაქტეს ნაწილები პატივით გადაასვენეს ნიკომიდიაში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.