ებრ. 303 დას. I, 1-12
მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაწარმეტყუელთა მიერ, ხოლო უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა, რომელი-იგი დაადგინა მკჳდრად ყოველთა, რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი, რომელი-იგი არს ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისა მისისაჲ, უტჳრთვან ყოველნივე სიტყჳთა მით ძლიერებისა მისისაჲთა, თავისა მიერ თჳსისა განწმედაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ ყო; და დაჯდა იგი მარჯუენით სიმდიდრესა მისსა მაღალთა შინა; ესოდენ უმჯობეს იყო ანგელოზთა, რაოდენცა უმჯობესი მათსა დაიმკჳდრა სახელი. რამეთუ ოდეს-სადა ვის ჰრქუა ანგელოზთაგანსა: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ? და მერმე იტყჳს: მე ვიყო მისა მამა, და იგი იყოს ჩემდა ძე. და ოდეს კუალად შემოჰყავს პირმშოჲ იგი სოფლად, იტყჳს: და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისანი. ხოლო ანგელოზთათჳს იტყჳს: რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა. ხოლო ძისათჳს იტყჳს: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე; კუერთხი განგებისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ. შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაჲ. ამისთჳს გცხოს შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა. და: შენ დასაბამსა, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე, და ქმნულნი ჴელთა შენთანი ცანი არიან; იგინი წარჴდენ, ხოლო შენ ეგო უკუნისამდე; და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არაჲ მოაკლდეს.
მკ. 10 დას. II, 23 - III, 5
და იყო, ვითარ-იგი თანა-წარჰვიდოდა შაბათსა ყანებისაგან, და მოწაფეთა მისთა იწყეს გზასა სლვად და მუსრვად თავსა ჴუვილისასა. ხოლო ფარისეველნი იგი ეტყოდეს მას: იხილე, რასა ზმენ მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს ყოფად! ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არასადა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, რაჟამს-იგი უჴმდა და შეემშია მას და მისთანათა? ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ მღდელთ-მოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო? და ეტყოდა მათ: შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს. ვინაჲცა უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა. და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი. და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს. და მიმოიხილა მათდა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი.