ებრ. 331 დას. XII, 1-10
აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა. და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა. გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ.
რამეთუ არღა სისხლთადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად და მოჰმედგრდეთ ნუგეშინის-ცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: შვილო ჩემო, ნუ სულ-მოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა. რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი. აწ უკუეთუმცა გუესხნეს ჴორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროჲს დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხონდეთ?
რამეთუ რომელნიმე იგი მცირედთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე უმჯობესისათჳს, რაჲთა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა.
მთ. 80 დას. XX, 1-16
რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ. ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ.