უკან დაბრუნება

წმ. სოფრონიოსისა იერუსალიმელ პატრიარქისა (638-644);

წმიდა სოფრონ იერუსალიმელი დაიბადა დამასკოში. სიყრმიდანვე კეთილმსახურებით და მეცნიერების სიყვარულით გამორჩეულ სოფრონს ბრძენს ეძახდნენ. მომავალი პატრიარქი უმაღლეს სიბრძნეს მონასტერში, მეუდაბნოეებთან საუბრებში ეძებდა. ის ჩავიდა იერუსალიმში, წმიდა თეოდოსის მონასტერში და დაუახლოვდა იოანე მოსხს. მალე სოფრონი იოანეს სულიერი შვილი და მორჩილი გახდა. ისინი ერთად დადიოდნენ მონასტერში, იწერდნენ მამათა ცხოვრებებს. ამ ჩანაწერებისაგან შედგა ცნობილი წიგნი „ლიმონარი“, რომელსაც მეშვიდე მსოფლიო კრებამ მაღალი შეფასება მისცა.

სპარსელთა თავდასხმების გამო წმიდა იოანემ და სოფრონმა პალესტინა დატოვეს და ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი ეგვიპტეში წავიდნენ. ეგვიპტეში სოფრონი მძიმედ დაავადდა. მან მონაზვნობა გადაწყვიტა და იოანე მოსხმა ბერად აღკვეცა. წმიდა სოფრონის გამოჯამრთელების შემდეგ მოძღვარი და მოწაფე ალექსანდრიაში დარჩნენ. ისინი წმიდა პატრიარქმა იოანემ (ხს. 12 ნოემბერს) სიყვარულით მიიღო. წმიდა იოანე და სოფრონი მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას მონოთელიტთა ერესის შემოტევისაგან. ალექსანდრიაში წმიდა სოფრონმა აღწერა წმიდა უვეცხლოთა კვიროს და იოანეს (ხს. 31 იანვარს) ცხოვრება.

როცა ალექსანდრიას ბარბაროსები შემოესივნენ, წმიდა პატრიარქი იოანე წმიდა მოსხთან და სოფრონთან ერთად კონსტანტინეპოლში წავიდა, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. წმიდა იოანე და სოფრონი, თერთმეტ მონაზონთან ერთად, რომში ჩავიდნენ. რომში ღირსი იოანე მოსხიც გარდაიცვალა (+622). მისი ცხედარი წმიდა სოფრონმა იერუსალიმში გადაასვენა და წმიდა თეოდოსის სავანეში დაასაფლავა.

628 წელს სპარსთა ტყვეობიდან დაბრუნდა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია (609-633). მისი გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქო ტახტზე ავიდა წმიდა მოდესტი (633-634; ხს. 18 დეკემბერს), მოდესტის შემდეგ კი პატრიარქად სოფრონი აირჩიეს.

სიცოცხლის ბოლოს წმიდა სოფრონმა სამწყსოსთან ერთად გადაიტანა იერუსალიმის ორწლიანი ალყის სიმძიმე. შიმშილისაგან არაქათგამწყდარმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, ქალაქის კარები გაეღოთ იმ პირობით, რომ მტერი ხელს არ ახლებდა სიწმიდეებს. ეს პირობა მაჰმადიანებმა არ შეასრულეს. წმიდა სოფრონი ქრისტიანული სიწმიდეების შებილწვით გამოწვეულ ღრმა მწუხარებაში გარდაიცვალა.

ჩვენამდე მოაღწია პატრიარქ სოფრონის მიერ შედგენილმა თხზულებამ დოგმატიკაში, ლიტურღიის განმარტებამ, ღირსი მარიამ მეგვიპტელის (ხს. 1 აპრილს) ცხოვრებამ, 950-მდე ტროპარმა და სააღდგომო სტიქარონმა. ჯერ კიდევ მღვდელმონაზვნის ხარისხში მყოფმა სოფრონმა გადაამოწმა და გაასწორა საბაწმიდის მონასტრის ტიპიკონი. წმ. სოფრონის სამსაგალობლები შესულია თანამედროვე ტრიოდიონში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.