უკან დაბრუნება

ღირსისა თეოფანე აღმსარებელისა (818);

ღირსი თეოფანე სიღრიანელი (+818) დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილშობილ და ცნობილ ოჯახში. მისი მამა ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-74) ნათესავი იყო. სამი წლის თეოფანეს მამა გარდაეცვალა. თეოფანე სასახლის კარზე გაიზარდა და იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-780) წარჩინებული კარისკაცი გახდა. ის მდგომარეობამ აიძულა, ცოლი შეერთო, მაგრამ, მეუღლესთან შეთანხმებით, უბიწოება დაიცვა, რადგან მის სულში ბერული ცხოვრების სურვილი ღვივდებოდა. სიღრიანის მონასტერში ყოფნისას თეოფანე შეხვდა ბერს, გრიგოლ სტრატიგს, რომელმაც თეოფანეს მეუღლეს ქმრის მოწამეობრივი აღსასრული უწინასწარმეტყველა. რამდენიმე ხნის შემდეგ თეოფანეს მეუღლე ბითვინიის ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად შედგა, თავად თეოფანე კი გრიგოლმა ბერად აღკვეცა. მამა გრიგოლის კურთხევით, თეოფანემ მონასტერი მოაწყო მარმარილოს ზღვის კუნძულ კოლონიმზე. ის სენაკში განმარტოვდა და წიგნების გადაწერას მიჰყო ხელი. შემდეგ მან კიდევ ერთი მონასტერი დააარსა სიღრიანში და მისი იღუმენი გახდა. ღირსი მამა საკუთარი ხელით აშენებდა მონასტერს და თავისი შრომისმოყვარეობით სანიმუშო იყო სხვებისთვის.

წმიდა თეოფანე უფლისგან კურნების ნიჭით დაჯილდოვდა. 787 წელს თეოფანე მიწვეული იყო ნიკეის მე-7 საეკლესიო კრებაზე, რომელმაც დაგმო ხატმებრძოლობის ერესი.

50 წლის ასაკში ღირსი მამა მძიმედ დაავადდა და სიკვდილამდე იტანჯებოდა. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულმა დაწერა „ქრონოგრაფია” – ქრისტიანული ეკლესიის ისტორია 285 წლიდან 813 წლამდე. ეს ნაშრომი დღესაც ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ ითვლება.

ლეონ სომეხის (813-820) გამეფების შემდეგ ხატმებრძოლობამ ახალი ძალით იფეთქა. ღრმად მოხუცებულ თეოფანეს აიძულებდნენ, მიეღო ერესი, მაგრამ ის მტკიცედ იცავდა სარწმუნოებას, რის გამოც ციხეში ჩააგდეს. მისი სავანე დაწვეს. 23 დღის პატიმრობის შემდეგ ღირსი აღმსარებელი გარდაიცვალა (818). უსჯულო იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ მონასტერი აღსდგა. წმიდა თეოფანეს წმიდა ნაწილები აღდგენილ სავანეში გადაასვენეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.