უკან დაბრუნება

ღირსისა ანინე ხუცისა.

ღირსი ანინე ხუცესი დაიბადა ქალკედონში, ქრისტიანულ ოჯახში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ 15 წლის ანინემ დატოვა ოჯახი, მონასტერში დასახლდა და ბერად აღიკვეცა. სრული განმარტოებისათვის ის უდაბნოში წავიდა, იქ, სადაც ევფრატი სირიას ჰყოფს სპარსეთისაგან. უდაბნოში ანინე შეხვდა ბერ მაიუმს. ორივე მოღვაწე ძალზე მკაცრ ცხოვრებას ეწეოდა. მთელი დიდმარხვის განმავლობაში არაფერს ჭამდნენ.

წმიდა ანინეს ყოველდღე შორიდან მოჰქონდა სასმელი წყალი. ერთხელ ის დროზე ადრე დაბრუნდა სავსე ჭურჭლით, რადგან ანგელოზმა სასწაულებრივ გაუვსო დოქები. ბერი მაიუმი მიხვდა, რომ მისმა მოწაფემ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და სთხოვა, მისი მოძღვარი გამხდარიყო. ანინემ სიმდაბლის გამო უარი განაცხადა. ამის შემდეგ ბერი მაიუმი მონასტერში დაბრუნდა, ანინე კი უდაბნოში დარჩა.

მოუკლებელი ლოცვისა და მუდმივი შრომისათვის ანინე უფლისაგან კურნებისა და წინასწარხედვის ნიჭით დაჯილდოვდა. მას ემსახურებოდა და ყველგან თან დაჰყვებოდა ორი ლომი. ანინეს სასწაულების ამბავი გახმიანდა. მასთან მოდიოდნენ ავადმყოფები და ბოროტი სულით შეპყრობილები. რამდენიმე ქრისტიანი უდაბნოში დარჩა და დაემოწაფა წმიდანს. ერთხელ ანინესთან წყურვილით გათანგული ადამიანები მოვიდნენ და წყალი სთხოვეს. ღვთის ნებას მინდობილმა ანინემ ერთ-ერთი მოწაფე დამშრალი ჭისკენ გაგზავნა. სასწაულებრივად ჭა პირამდე გაივსო და რამდენიმე დღე ეყო ანინესა და მის მოწაფეებს. როცა ჭა დაცარიელდა, ანინემ ვერ გაბედა, კვლავ ეთხოვა უფლისთვის სასწაულის ქმნა, და ღამ-ღამობით ევფრატიდან დაიწყო წყლის ზიდვა. ნეოკესარიის ეპისკოპოსი პატრიკი ხშირად ნახულობდა ღირს მამას და პრესვიტერადაც დაასხა ხელი. როცა გაიგო ანინეს ღვაწლის შესახებ, ორჯერ აჩუქა მას ვირები წყლის მოსატანად, მაგრამ ღირსმა მამამ ისინი ღარიბებს დაურიგა. მაშინ ეპისკოპოსმა ბრძანა, გაეთხარათ დიდი ჭა და დროდადრო შეევსოთ წყლით.

წმიდა ანინემ ღვთიური გამოცხადებით გაიგო, რომ შორს მოღვაწე ვინმე მესვეტე ბერს უნდოდა სვეტიდან ჩამოსვლა და სასამართლოზე დასმენა ავაზაკისა, რომელმაც ის ქვით დაასახიჩრა. ღირსმა მამამ წერილი მისწერა მესვეტეს და ურჩია, გადაეფიქრებინა განზრახვა.

ერთხელ კეთილმსახური ქალი დაავადდა და ღირს ანინესთან წავიდა დახმარების სათხოვნელად. გზაში ავაზაკი შემოხვდა და რაკი ფული ვერ უპოვა, გადაწყვიტა, ძალა ეხმარა მასზე. ქალმა მეოხად წმიდა ანინეს უხმო. „წმიდაო ანინე, შემეწიე მე!“ ავაზაკს შიშის ზარი დაეცა და უკუდგა. ქალმა ღირს მამას მოუთხრო ყოველივე და კურნებაც მიიღო. მონანული ავაზაკიც მივიდა წმიდა ანინესთან, მოინათლა და ბერად აღიკვეცა.

110 წლის წმიდა ანინემ თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა და მემკვიდრე იღუმენიც აირჩია.

სიკვდილის წინ წმიდანი ხილვაში გამოცხადებულ მოსეს და აარონს ესაუბრებოდა, შემდეგ კი მიისვენა სიტყვებით: „უფალო, მიიღე სული ჩემი“.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.