უკან დაბრუნება

მოწამეთა: ტროფიმესი და ევკარპიოსისა (დაახ. 300);

წმიდა მოწამენი, ტროფიმე და ევკარპი ნიკომიდიაში მსახურობდნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს და აღასრულებენ იმპერატორის განკარგულებებს. ერთხელ, როცა ისინი ქრისტიანებს ეძებდნენ, იხილეს ზეცით გარდამოსული ცეცხლოვანი ღრუბელი, საიდანაც გაისმა ხმა: „რაისთვის დევნით ჩემთა მონათა? ნუ იყოფინ! უმჯობეს არს თქვენდა, თანამზრახველ ექმნათ მათ, რათა მოიპოვოთ სასუფეველი ცათა“. მეომრები ძრწოლით დაეცნენ და წამოიძახეს: „ჭეშმარიტად დიდ არს უფალი, რომელიც გამოგვიჩნდა ჩვენ, ნეტარ ვიქმნებით, უკეთუ შევუდგეთ მას“. ზეცით კვლავ გაისმა: „აღდეგინ, შეინანეთ და მოგეტევოთ ცოდვანი თქვენნი“. მეომრებმა თავი ასწიეს და ცეცხლოვან ღრუბელში ბრწყინვალე არსება იხილეს. ზარდაცემულებმა კვლავ შეჰღაღადეს უფალს: „მიიღე სულნი ჩვენი, რამეთუ ბოროტ და გამოუთქმელ არიან ცოდვანი ჩვენი. არა არს სხვა ღმერთი, თვინიერ შენსა, ჭეშმარიტისა და ერთადერთისა ღვთისა“. როგორც კი ეს წარმოთქვეს, ღრუბელი ზეცად ამაღლდა. ამ სასწაულის შემდეგ სულიერად გარდაქმნილმა ტროფიმემ და ევკარპიმ საპყრობილიდან გაანთავისუფლეს ყველა ქრისტიანი. მეომრები შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. მოწამენი ადიდებდნენ უფალს და ევედრებოდნენ, მიეტევებინა მათთვის საშინელი ცოდვები. წამების შემდეგ წმიდანები მშვიდად ავიდნენ კოცონზე და უფალს მიაბარეს სული.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.