უკან დაბრუნება

ღირსისა იაკობ ეპისკოპოსისა, აღმსარებელისა (VIII);

წმიდა იაკობ ეპისკოპოსი სიყრმითგან ესწრაფვოდა განმარტოებულ ცხოვრებას. მან დატოვა სახლი, სტუდიის მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. წმიდა იაკობი მკაცრ შრომაში, მარხვასა და ლოცვაში ცხოვრობდა. ღვთისმოსავსა და წმიდა წერილის შესანიშნავად მცოდნე ბერს კატანის (სიცილია) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე V კოპრონიმის (741-775) დროს წმიდა იაკობს არაერთხელ მოსთხოვეს წმიდა ხატთა გმობა. წმიდა აღმსარებელმა დაითმინა ტყვეობა, შიმშილი, წამება, მაგრამ მართლმადიდებლობა არ უარუყვია. წმიდა ეპისკოპოსი იაკობი გარდაიცვალა დევნულობაში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.