წმიდა მოწამე დროსიდა – ტრაიანე მეფის ასული (+104-117). 99 წელს იპერატორმა ტრაიანემ (98-117) აღადგინა კანონი, რომლის მიხედვით ქრისტიანებს ეკრძალებოდათ საიდუმლო შეკრებები, 104 წელს კი გამოსცა საგანგებო განკარგულება ქრისტიანთა წინააღმდეგ. აქედან დაწყებული ქრისტიანების დევნა გრძელდებოდა მისი მეფობის დასასრულამდე. სხვების დასაშინებლად მოკლული ქრისტიანების გვამებს ხშირად დაუმარხავად ტოვებდნენ. ხუთმა ქრისტიანმა ქალწულმა: აგლაიდამ, აპოლინარიამ, დარიამ, მამთუსამ და ტაისიამ გადაწყვიტეს, დაეკრძალათ მიცვალებულები. მათ საიდუმლოდ მიჰქონდათ ქრისტიანთა ცხედრები, ნელსაცხებლებს სცხებდნენ და მარხავდნენ. როცა ეს ამბავი გაიგო ქრისტეს მორწმუნე მეფის ასულმა დროსიდამ, რომელიც ნათელღებული არ იყო, წმიდა ქალწულებს სთხოვა, ისიც თან წაეყვანათ. წმიდა დროსიდას საქმროს, სასახლის წარჩინებული კარისკაცის, ადრიანეს რჩევით, წამებული ქრისტიანების გვამებთან დარაჯები დააყენეს, რათა ხელთ ეგდოთ მიცვალებულთა გამპატიოსნებლები. პირველსავე ღამეს წმიდა დროსიდა და ხუთივე ქალწული შეიპყრეს. ტრაიანეს ბრძანებით, დროსიდა ცალკე გაიყვანეს, ქალწულები კი ცოცხლად დაწვეს სპილენძის სადნობ ღუმელში. ქალწულთა წმიდა ნეშტგარეული სპილენძისგან სამფეხები ჩამოასხეს ტრაიანეს ახალი აბანოსათვის, მაგრამ სანამ ეს სამფეხები აბანოში იდგა, შიგ ვერავინ შედიოდა – ყველა, ვინც ზღურბლს გადააბიჯებდა, უსულოდ ეცემოდა. ქურუმები მიხვდნენ, რატომაც ხდებოდა ეს სასწაული და ურჩიეს, სამფეხები გაეტანათ.
ადრიანემ იმპერატორს ურჩია, სამფეხები გადაედნოთ, ქალწულმოწამეთა მსგავსი შიშველი ქალის ძეგლი ჩამოესხათ და აბანოს შესასვლელთან დაედგათ. როდესაც ძეგლები აღმართეს, იმპერატორმა ძილში იხილა სამოთხეში მობალახე ხუთი კრავი და მწყემსი, რომელმაც უთხრა: „უსჯულოო და უწმიდურო მეფეო! კეთილმა და მოწყალე მწყემსმა წარგგვარა შენს მიერ შეურაცხყოფილთა სულები და დააწესა იქ, სადაც მოვა წმიდა კრავი დროსიდა, ასული შენი“. გამძვინვარებული ტრაიანეს ბრძანებით გაახურეს ორი უზარმაზარი ღუმელი და იქვე ჩამოჰკიდეს იმპერატორის ბრძანება: „გალილეველნო, ჯვარცმულის თაყვანისმცემელნო, თავი აარიდეთ აუტანელ წამებას, ჩვენ კი აგვარიდეთ შრომას – მსხვერპლი შესწირეთ ღმერთებს, თუ ეს არ ძალგიძთ, ნებაყოფლობით შედით ღუმელში“. ბევრი ქრისტიანი საკუთარი სურვილით ეწამა ქრისტესთვის.
წმიდა დროსიდამაც გადაწყვიტა, ქრისტესთვის შეეწირა თავი და უფალს შეევედრა, შეუმჩნევლად გაეყვანა საპყრობილიდან. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება: დარაჯებს ჩაეძინათ. მოუნათლავი ასული მდინარისაკენ გაეშურა, სამჯერ ჩაეფლო წყალში და ნათელიღო. შვიდი დღე იმალებოდა წმიდანი, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. წმიდა ქალწული ქრისტიანებმა იპოვეს და მისი მონათხრობიდან გაიგეს ყოველივე. მერვე დღეს წმიდა მოწამე დროსიდა საკუთარი ნებით შევიდა გახურებულ ღუმელში და უფალს შეჰვედრა სული.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.