მოწამე ფილოტი და მეუღლე მისი ლიდია; მაკედონი, თეოპრედი, კრონიდე და ამფლიოქე (+117-138) წმიდა ფილოტი იყო უსჯულო იმპერატორის ადრიანეს (117-138) კარისკაცი. ქრისტეს საჯარო აღიარებისათვის წმიდა ფილოტი მეუღლესთან, ლიდიასთან და შვილებთან, მაკედონთან და თეოპრედთან ერთად სამჯავროზე წარსდგა. ადრიანეს ბრძანებით წმიდა ფილოტი ოჯახთან ერთად ილირიაში გაგზავნეს ამფილოქე მხედარმთავართან. ამფილოქეს ბრძანებით, მოწამენი ხეზე ჩამოკიდეს და დანებით დასერეს, წამების შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს. მათთან ერთად დაატყვევეს ციხის ახალმოქცეული უფროსი კრონიდე. ღამით მოწამეებს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და გაამხნევა. მეორე დღეს ისინი ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩაყარეს, მაგრამ ღვთის განგებით მოწამენი უვნებლად გადარჩნენ. ამფილოქე ისე გააოგნა ამ სასწაულმა, რომ ირწმუნა ქრისტეს ძალა, თვითონაც გადაეშვა ადუღებულ ზეთში ლოცვით: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. ღმერთის უსაზღვრო წყალობამ მხედართმთავარიც დაიცვა მოწამეთა შემდგომ ტანჯვა-წამებას თვით იმპერატორი ადრიანეც ესწრებოდა. ღვთის განგებამ ყველა სატანჯველისაგან უვნებლად გამოიყვანა წმინდანები.
შერცხვენილი იმპერატორი რომში დაბრუნდა. ქრისტეს მარტვილებმა კი ღმერთს მადლობა შესწირეს და ლოცვაში აღესრულენ.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.