უკან დაბრუნება

მღვდელმოწამისა იპატიოსისა, ღანგრის ეპისკოპოსისა (დაახ. 326);

წმიდა მღვდელმოწამე იპატი ღანგრის ეპისკოპოსი (+დაახლ. 326) პაფლაგონიაში მოღვაწეობდა. 325 წელს მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრებაში, რომელმაც ანათემას გადასცა არიოზის ერესი.

326 წელს, როცა წმიდა იპატი კონსტანტინეპოლიდან ღანგრში ბრუნდებოდა, გზად თავს დაესხნენ მწვალებელ ნობათისა და ფელიცისმის მიმდევრები. ერეტიკოსებმა ეპისკოპოსი დაჭრეს და ჭაობში გადააგდეს. პირველმოწამე დიაკვნის სტეფანეს მსგავსად იპატი აკურთხებდა მკვლელებს. ერთი არიოზის მიმდევარი ქალის ნასროლი ქვა თავში მოხვდა წმიდანს და მოკლა. მწვალებლებმა წმიდა იპატის ნეშტი გამოქვაბულში გადამალეს, სადაც ერთმა გლეხმა იპოვა. ღანგრელებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმთავრის ნაწილები.

მღვდელმოწამე იპატის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.