უკან დაბრუნება

მოწამეთა: ფერბუთა ქალწულისა და დისა მისისა და მხევლისა მისისა (341-343).

წმიდა მოწამე ფერბუთა ქალწული დასთან და მხევალთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 341-343 წლებს შორის. ფერბუთა და მისი და, რომლის სახელიც უცნობია, იყვნენ ქრისტესთვის აღსრულებული სელევკიის ეპიკოპოსის სიმეონის ღვიძლი დები. ისინი მოსამსახურესთან ერთად წაიყვანეს სპარსეთის მეფის, საპორის კარზე. წმიდა ფერბუთა საარაკო სილამაზით გამოირჩეოდა. დედოფალმა მას ურჩია, გათხოვილიყო, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა, რადგან ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული. მალე დედოფალი დასნეულდა. მის სამკურნალოდ მოწვეული მოგვი დაატყვევა ქალწულის სილამაზემ და ცოლობა სთხოვა. წმიდა ფერბუთამ კი უპასუხა, რომ ის ქრისტეს სასძლოა.

გაბოროტებულმა მოგვმა მეფეს მოახსენა, დედოფალი მოახლეების მიერ არისო მოწამლული, რის შემდეგაც, საპორის ბრძანებით, წმიდა ფერბუთა დასთან და მოახლესთან ერთად დაატყვევეს.

სასამართლოზე წმიდა მოწამეებმა უშიშრად აღიარეს ქრისტიანობა, განაცხადეს, რომ ბოროტება არ ჩაუდენიათ, მაგრამ ქრისტესთვის სიკვდილის დასათმენად მზად არიან.

მთავარი მოსამართლე, მოგვი მავპტისიც დააბრმავა ქალწულის სილამაზემ და საიდუმლოდ შესთავაზა საპყრობილიდან განთავისუფლება, თუ ის ცოლობაზე დათანხმდებოდა. იმავე წინადადებით მიმართა ფერბუთას ორმა სხვა მსაჯულმაც. წმიდა ქალწულმა ყველა წინადადება უარყო და განაცხადა, რომ ქრისტეს სასძლოა და მიწიერ ქორწინებაზე არასოდეს დათანხმდება.

ამის შემდეგ მოწამეებს ჯადოქრობაში და დედოფლის მოწამლვაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. ქრისტიანებმა მალულად ამოასვენეს წმიდა მოწამეთა ნეშტი და პატივით დაასაფლავეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.