უკან დაბრუნება

მოწამეთა: აღათოპოდი დიაკონისა, თეოდულე წიგნისმკითხველისა და მათთანათა (დაახ. 303);

წმიდა მოწამენი აღათოპოდი დიაკონი და თეოდულე მკითხველი (+303) თესალონიკში ცხოვრობდნენ იმპერატორ დიოკლეტიანესა (284-305) და მაქსიმიანეს (284-305) დროს. წმიდა დიაკონი აღათოპოდი ღრმად მოხუცი იყო, წმიდა თეოდულე მკითხველი კი - ახალგაზრდა. ისინი ღვთივსათნო ცხოვრებით და ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ.

ერთხელ წმიდა თეოდულემ ძილში იხილა, რომ სპეტაკი სამოსლით შემოსილმა უცნობმა რაღაც ნივთი გადასცა. როცა გამოიღვიძა, ხელში ჯვრის გამოსახულებიანი ბეჭედი ეჭირა. თეოდულე მიხვდა, რომ ეს იყო ნიშანი მომავალი წამებისა. ბეჭედზე გამოსახული ჯვრის ძალით მან მრავალი ავადმყოფი განკურნა და წარმართებიც მოაქცია.

როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ გამოსცა ბრძანება ქრისტიანთა დევნის შესახებ (303), ბევრი მორწმუნე დაიმალა, მაგრამ წმიდა აღათოპოდი და თეოდულე უშიშრად აგრძელდებდნენ ქადაგებას.

თესალონიკის მმართველმა ფაუსტინმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ ქრისტიანები. ის გააკვირვა წმიდა თეოდულეს სილამაზემ და დაკანონებული მსხვერპლშეწირვის შესრულება ურჩია. თეოდულემ უპასუხა, რომ დიდი ხანია თავი დაანება უსჯულო ცხოვრებას და ეცოდება ფაუსტინი, რომელიც მარადიულ სიკვდილს უმზადებს სულს. მმართველმა მოწამეს არჩევანი შესთავაზა: მშვიდი სიცოცხლე, ან სიკვდილი. წმიდანმა უპასუხა, რომ ირჩევს მარადიულ სიცოცხლეს და წარმავალი სიკვდილის არ ეშინია. როცა ფაუსტინმა თეოდულეს სიმტკიცე დაინახა, გადაწყვიტა, წმიდა აღათოპოდი მოედრიკა და უთხრა, ახალგაზრდა თეოდულემ კერპებს მსხვერპლი შესწირაო, მაგრამ წმიდა დიაკონმა არ დაიჯერა.

მმართველმა მოწამეების საპყრობილეში ჩაყრა ბრძანა. ციხეში მოწამეები ისე ლოცულობდნენ და ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, რომ მრავალი პატიმარი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ციხის უფროსმა ევტინიმ ქრისტიანები მმართველთან დაასმინა.

ფაუსტინმა კვლავ უხმო სამსჯავროზე წმიდა მოწამეებს. თეოდულეს თვალწინ ყოფილი ქრისტიანები აიძულეს მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის. „უძლურებზე გაიმარჯვეთ, ქრისტეს ერთგულ მხედრებს კი ვერაფერს დააკლებთ!“ - უთხრა წმიდანმა მმართველს.

მმართველის ბრძანებით ქრისტეს მხნე აღმსარებელი დასასჯელად გაიყვანეს. ჯალათმა მახვილი იშიშვლა. მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.

დილით ფაუსტინმა უკანასკნელად შესთავაზა მოწამეებს წარმართობაზე მოქცევა, მაგრამ პასუხად კვლავ უარი მიიღო. მაშინ მმართველის ბრძანებით წმიდანებს ქვები გამოაბეს ყელზე და ზღვაში ჩაყარეს (+303).

ზღვამ ნაპირზე გამორიყა წმიდანთა სხეულები სპეტაკი სამოსლებით, ქვებისა და თოკების გარეშე. ქრისტიანებმა წმიდა ნაწილები პატივით დაფლეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.