ღირსი თეოდორა თესალონიკელი (+892) - ქრისტიანი მშობლების, ანტონის და ქრიზანთას შვილი იყო. სრულწლოვანებას მიღწეული თეოდორა გათხოვდა და ეყოლა ქალიშვილი. სარკინოზთა შემოსევის (823) შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თესალონიკში გადასახლდა. აქ ღირსმა თეოდორამ თავისი ქალიშვილი მონასტერში მიაბარა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი თვითონაც მონაზვნად აღიკვეცა.
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც. როდესაც მონასტრის იღუმენია გარდაიცვალა, მისი კუბოს დასვენება უნდოდათ ღირსი თეოდორას კუბოს გვერდით, ღირსმა დედამ ცოცხალივით გაიწია განზე კუბოსთან ერთად - სიკვდილის შემდეგაც მორჩილების მაგალითი აჩვენა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.