წმიდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+592) - დაიბადა ფრიგიაში. მისი მამა, ალექსანდრე, მეომარი იყო, დედა კი, სინესია, ავგუსტოპოლის ეკლესიის მღვდლის, ისიხის ასული. წმიდა ევტიქიმ პირველდაწყებითი განათლება და ქრისტიანული აღზრდა ბაბუასთან მიიღო. ერთხელ, თამაშის დროს, პატარა ევტიქიმ საკუთარი სახელი დაწერა პატრიარქის ტიტულით და თითქოს იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი. თორმეტი წლის ევტიქი კონსტანტინეპოლში გააგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. ყმაწვილმა ბრწყინვალედ აითვისა სხვადასხვა მეცნიერება და მიხვდა, რომ ყოველგვარი ადამიანური სიბრძნე არარაობაა ღვთაებრივი გამოცხადების წინაშე. მან გადაწყვიტა, ბერად აღკვეცილიყო. წმიდა ევტიქი ამასიის ერთ-ერთ მონასტერში წავიდა. ღვთივსათნო ცხოვრების გამო მალე ის მთელი ამასიის მონასტრების არქიმანდრიტად აირჩიეს.
როცა კეთილმსახური იმპერატორის, იუსტინიანეს (527-565) დროს V მსოფლიო კრება მზადდებოდა, ამასიის მიტროპოლიტი დასნეულდა და თავის ნაცვლად წმიდა ევტიქი გაგზავნა კონსტანტინეპოლში. აქ წმიდანი მოხუცმა პატრიარქმა წმიდა მინამ (536-552, ხს. 25 აგვისტოს) ნახა და პატრიარქობა უწინასწარმეტყველა. წმიდა მინას სიკვდილის შემდეგ იმპერატორ იუსტინიანეს პეტრე მოციქული გამოეცხადა და უფლის ნება აუწყა: დაქვრივებულ ტახტზე ევტიქი უნდა აღსაყდრებულიყო.
წმიდა ევტიქის საპატრიარქო მოღვაწეობის დასაწყისში მოწვეულ იქნა V მსოფლიო კრება (553), რომელზეც მამებმა წარმოქმნილი ერესები განსაჯეს და ანათემას გადასცეს. რამდენიმე წლის შემდეგ ეკლესიაში გაჩნდა ახალი ერესი, რომელიც ასწავლიდა, რომ ქრისტეს არ განუცდია ვნებანი.
წმიდა ევტიქიმ უშიშრად ამხილა ეს ერესი, რის გამოც იგი გადაასახლეს.
პატრიარქი მორჩილად იტანდა გადასახლებას, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს და მრავალ სასწაულს და კურნებას იქმოდა: მისი ლოცვით კეთილმსახური ანდროგინის მეუღლეს, რომელიც მანამდე ყოველთვის მკვდარ შვილებს შობდა, ორი ჯანმრთელი ვაჟი ეყოლა, ორმა ყრუ-მუნჯმა ენა აიდგა, ზეთის ცხებით და ჯვრის გადასახვით მხატვარი განიკურნა, განიკურნა ორი მძიმედ სნეული ბავშვიც. წმიდა პატრიარქი კურნავდა არა მარტო ხორციელ, არამედ სულიერ სნეულებებსაც: ჩვილისაგან განდევნა ბოროტი სული, რომელიც წმიდა ზიარებაზე არ უშვებდა ბავშვს, ბოროტი სული განდევნა მონასტრიდან გაქცეული ყმაწვილისაგანაც; კურნავდა კეთროვანებს, ლოთებს.
როცა ამასიას სპარსელები შემოესივნენ და ქალაქში შიმშილობამ დაისადგურა, პატრიარქის მითითებით დაიწყეს მონასტრის საცავებიდან ხორბლის გატანა და მოსახლეობისთვის დარიგება, მაგრამ მონასტერში წმიდა ევტიქის ლოცვით ხორბალი არ ილეოდა.
წმიდა ევტიქიმ ღვთისგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო. მან იწინასწარმეტყველა იუსტინიანეს ორი მემკვიდრის სახელი - იუსტინე (565-578) და ტიბერიუსი (578-582).
წმიდა პატრიარქის, იოანე სქოლასტიკოსის გარდაცვალების შემდეგ, 577 წელს, წმიდა ევტიქი დაბრუნდა თორმეტწლიანი გადასახლებიდან და კვლავ ჩაიბარა სამწყსო.
პატრიარქის ტახტზე დაბრუნებიდან ოთხნახევარი წლის შემდეგ, 582 წლის თომას კვირიაკეს წმიდა ევტიქიმ მრევლი შეკრიბა, აკურთხა, ყველას გამოემშვიდობა და მშვიდად ჩააბარა სული უფალს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.