წმიდა მოწამე პავსილიპე (+დაახლ. 117-138) - აღესრულა იმპერატორ ადრიანეს დროს. წარმართთაგან ქრისტიანობისათვის დასმენილი წმიდა პავსილიპე იმპერატორს მიჰგვარეს. ხანგრძლივი წამების შემდეგ პავსილიპეს ბორკილები დაადეს და მოსაკლავად წაიყვანეს. გზაში ის მხურვალედ ევედრებოდა უფალს, რომ დაეხსნა ჯალათების ხელიდან და უშფოთველი აღსასრული მოემადლებინა მისთვის. უფალმა შეისმინა მისი ვედრება: ნაგვემმა და დასუსტებულმა მოწამემ ისეთი ძალა იგრძნო, რომ რკინის ბორკილები გაგლიჯა და გაიქცა. ჯალათები გამოუდგნენ, მაგრამ წმიდა პავსილიპემ მათ მოახლოებამდე შეჰვედრა სული უფალს.
ქრისტიანებმა მოწამის ცხედარი პატივით დაკრძალეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.