უკან დაბრუნება

მოწამეთა: ტერენტისა, პომპიოსისა, აფრიკანესი, მაქსიმესი, ზენონისა, ალექსანდრესი, თეოდორესი და 33 სხვათა (III);

წმიდა მოწამენი ტერენტი, პომპიოს, აფრიკან, მაქსიმე, ზენონ, ალექსანდრე, თეოდორე და სხვანი ოცდაცამეტნი (III) იმპერატორ დეკიუსის დროს (241-251) აღესრულნენ ქრისტესთვის. იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, რომ იმპერიის ყველა ქვეშევრდომს მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. როდესაც ეს ბრძანება აფრიკის გამგებელმა ფორტუნატიანემ მიიღო, მოედანზე შეკრიბა ხალხი, დასაშინებლად წამების საშინელი იარაღები აჩვენა და მოითხოვა, უკლებლივ ყველას შეესრულებინა მსხვერპლშეწირვის რიტუალი. წამების შიშით ბევრმა შეასრულა უსჯულო გამგებლის ბრძანება, მაგრამ წმიდა ტერენტიმ ორმოც ქრისტიანთან ერთად უშიშრად განაცხადა თავისი ერთგულება ქრისტესადმი. ფორტუნატიანეს გაუკვირდა მათი სიმამაცე და ჰკითხა: გონიერ ადამიანებს როგორ შეგიძლიათ ღმერთად ჩათვალოთ ის, ვინც იუდეველებმა ჯვარს აცვეს, როგორც ავაზაკი?! წმიდა ტერენტიმ უპასუხა, რომ მათ სწამთ მაცხოვარი, ადამიანთა ცოდვათათვის ჯვარცმული და მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარი. ფორტუნატიანი მიხვდა, რომ ტერენტი თავისი მაგალითით ამხნევებდა და სიმტკიცისაკენ მოუწოდებდა სხვა ქრისტიანებს და ბრძანა მისი საპყრობილეში ჩაგდება სამ უახლოეს მეგობართან - აფრიკანთან, მაქსიმესთან და პომპიოსთან ერთად. სხვა მოწმეებს კი, მათ შორის ზენონს, ალექსანდრეს და თეოდორეს აიძულებდა უარი ეთქვათ სარწმუნოებაზე. ვერავითარმა დაპირებამ და წამებამ ვერ გაჭრა: წმიდანები მტკიცედ იცავდნენ სარწმუნოებას და უფალიც განამტკიცებდა მათ.

ფორტუნატიანემ ბრძანა, მოწამეები კიდევ ერთხელ მოეყვანათ ტაძარში და კიდევ ერთხელ მოსთხოვა მათ მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. წმიდანებმა ღმერთს შეჰღაღადეს: „ყოვლადძლიერო უფალო, რომელმან ცეცხლი უწვიმე სოდომს უსჯულოებისა მისისათვის, დააქციე უწმინდური ტაძარი ესე, ჭეშმარიტებისა შენისათვის!“ კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა, შემდეგ ტაძარიც ჩამოინგრა. გამძვინვარებულმა გამგებელმა წმიდანების დახოცვა ბრძანა.

ოცდათექვსმეტი მოწამის დახოცვის შემდეგ ფორტუნატიანემ იხმო ტერენტი, მაქსიმე, აფრიკანი და პომპიოსი, უჩვენა წამებულთა გვამები და კვლავ უბრძანა მსხვერპლშეწირვა. წმიდანებმა უარი განაცხადეს. მაშინ გამგებელმა ბორკილები დაადო მათ და საპყრობილეში გამოამწყვდია, რომ შიმშილით გამწყდარიყვნენ. ღამით უფლის ანგელოზმა ბორკილები შეხსნა მოწამეებს და დააპურა. დილით დარაჯებმა მხნე და ჯან-ღონით სავსე ტყვეები იხილეს. ფორტუნატიანმა მოგვებს უბრძანა, გველებითა და ყოველგვარი უწმინდურებით აევსოთ საკანი, მაგრამ დარაჯებმა დაინახეს, რომ ქვეწარმავლები მლოცველი წმიდანების ფეხებთან დახოხავდნენ და მათ არაფერს ვნებდნენ.

ბოლოს, განრისხებული ფორტუნატიანეს ბრძანებით წმიდა მოწამეებს თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი ქალაქგარეთ.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.