წმიდა მოწამენი ტროფიმე, საბატი და დორიმენდო რომის იმპერატორის, პრობუსის (276-282) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. ერთხელ ანტიოქიაში წარმართულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ყველგან თავაშვებული ღრეობა იყო გამართული. ქალაქში ჩასული ქრისტიანები ტროფიმე და საბატი მწუხარებით შესცქეროდნენ ამ ხმაურიან, უსჯულო ზეიმს და უფალს ევედრებოდნენ, ცხონების გზაზე დაეყენებინა გონდაბინდულები. ქრისტეს ქადაგებისთვის უღმრთოებმა წმიდანები შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს. წარმართებმა აღმსარებლების ცემა და წამება დაიწყეს, რათა ძალით გადაედრიკათ კერპთმსახურებისაკენ. საბატი წამების დროს გარდაიცვალა, ტროფიმე კი სისასტიკითა და დაუნდობლობით ცნობილ ფრიგიის მმართველ დიონისესთან გაგზავნეს. უღმრთო დიონისემ ვერანაირი ძალისხმევით ვერ შეძლო ახოვანი ქრისტიანის მოდრეკა - წმიდანი ფსალმუნის ამ სიტყვებს იმეორებდა მხოლოდ: „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი უფალმან“ (ფს. 33,19). ბოლოს იგი საპყრობილეში ჩააგდეს. აქ ნეტარს ქრისტეს ფარული მიმდევარი - სენატორი დორიმედონდო აკითხავდა. როცა ამის შესახებ მტარვალებმა შეიტყვეს, ისიც დაატუსაღეს და მაცხოვრის სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვეს. მარტვილმა უარი განაცხადა, რისთვისაც იგი ტროფიმესთან ერთად მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად. ნადირებმა უფლის რჩეულებს პირი არ დააკარეს. მაშინ მათ თავები მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.