უკან დაბრუნება

მოწამისა საბა გუთელისა (372).

წმიდა მოწამე საბა (+372) წარმოშობით გუთი იყო. იგი ქრისტიანობაზე მოაქცია ეპისკოპოსმა ვულფილმა, რომელიც IV საუკუნეში ქადაგებდა გუთთა შორის.

ნათელღების შემდეგ წმიდა საბა თამამად ქადაგებდა ქრისტიანობას.

გუთმა მთავრებმა და მსაჯულებმა წარმართი ქურუმების გავლენით ქრისტიანთა დევნა დაიწყეს და აიძულებდნენ მათ, ნაკერპავი ეჭამათ. ბევრი წარმართი თანაუგრძნობდა ქრისტიან ნათესავებსა და ახლობლებს და ნაკერპავის ნაცვლად ჩვეულებრივ ხორცს აძლევდა. წმიდა საბამ არ ისურვა სიცოცხლის შესანარჩუნებლად ამგვარ ტყუილთან შეგუება და განაცხადა, რომ ქრისტიანმა თავისი სარწმუნოება აშკარად უნდა აღიაროს. წმიდანის სიმტკიცით გაბრაზებულმა თანასოფლელებმა სოფლიდან გააძევეს იგი, მაგრამ შემდეგ შეინანეს და დაბრუნება სთხოვეს. როცა ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა, საბას თანასოფლელებმა გადაწყვიტეს, სამსჯავროზე წასულიყვნენ და ფიცის ქვეშ განეცხადებინათ, რომ მათ შორის არ იყო არც ერთი ქრისტიანი. წმიდა საბამ ხმამაღლა წარმოთქვა: „ჩემს მაგივრად ფიცს ნუ დადებთ, რადგან მე ქრისტიანი ვარ“. სოფლელები წავიდნენ და განაცხადეს, რომ მათ შორის მხოლოდ ერთი ქრისტიანი იყო. მსაჯულმა მოითხოვა, მასთან მოეყვანათ წმიდანი, მაგრამ როცა მისი სიგლახაკე იხილა, საშიშ მტრად ვერ მიიჩნია იგი და გაუშვა.

დევნა გრძელდებოდა. წმიდა აღდგომის დღესასწაულზე საბას სოფელს ერთ-ერთი გუთი მხედართმთავარი - ათარიდი დაესხა თავს. წმიდა საბა ეპისკოპოს გუთიკთან უნდა შეხვედროდა დღესასწაულს, მაგრამ უფლის ანგელოზმა გზიდან მოაბრუნა და სოფელში დარჩენა უბრძანა. ამ დროს საბერძნეთიდან დაბრუნდა პრესვიტერი სპასალიც. მეომრებმა სპასალი და საბა შეიპყრეს, პრესვიტერი ურემზე შესვეს, წმიდა საბას კი ჯოხის ცემით მიერეკებოდნენ და ეკალ-ბარდებში ათრევდნენ. უფალმა დაიცვა წმიდანი: დილით, როცა ქალაქამდე მიაღწიეს, მან მეომრებს უთხრა: „შეხედეთ ჩემს სხეულს, ხედავთ მასზე ეკლებისა და ჯოხის კვალს?“ დარაჯები გაოგნებულნი შესცქეროდნენ უვნებელ მოწამეს. ამ სასწაულით გაბოროტებულებმა წმიდა საბა ურემზე მიაბეს და დაუნდობლად ცემეს. მეორე დღეს საბას და სპასალარს ათარიდის ბრძანებით ნაკერპავის ჭამა უბრძანეს. სპასალმა უპასუხა: „უმალ ჯვარცმას დავთანხმდებით, ვიდრე ეშმაკებისგან შერყვნილი ხორცის ჭამას“. წმიდა საბამ იკითხა: „ვინ გამოგზავნა ხორცი?“ - „მეუფე ათარიდმა“, - უპასუხა მსახურმა, „არა არს მეუფე თვინიერ ღვთისა, მამის ზეცათასა“, - წარმოთქვა მოწამემ. ერთმა განრისხებულმა მსახურმა წმიდანს შუბი ჩასცა მკერდში. ყველას ეგონა, რომ წმიდა საბა მოკვდა, მაგრამ მას ტკივილიც არ უგრძვნია.

ათარიდმა ბრძანა, წმიდა საბა სიკვდილით დაესაჯათ. იგი მდინარისკენ წაიყვანეს. სასიკვდილოდ გამზადებული წმიდანი გზაში ხმამაღლა მადლობდა უფალს, რამეთუ მან სათნოიჩინა მოწამეობრივი გვირგვინი მიემადლებინა მისთვის.

მსახურებმა საბას განთავისუფლება შესთავაზეს, მაგრამ მოწამემ იუარა: „ქმენით ნაბრძანები. მე ვხედავ ანგელოზებს, რომლებმაც უნდა შეივედრონ ჩემი სული“. წმიდანი მდინარეში დაახრჩვეს.

წმიდა საბა აღესრულა 372 წლის 12 აპრილს, 38 წლისა. ჯალათებმა მისი გვამი წყლიდან ამოიღეს და ნაპირზე დააგდეს. ქრისტიანებმა პატივით დამარხეს წმიდა ნეშტი. მოგვიანებით გუთმა მთავარმა იური სარანმა წმიდა საბას ნაწილები კაბადოკიაში გადაასვენა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.