უკან დაბრუნება

ცისკ. - მთ. 84 დას. XXI, 18-43.

მთ. 84 დას. XXI, 18-43

18. და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია. 19. და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად. 20. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი! 21. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღჳსაჲ ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ-თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! – იყოს ეგრე. 22. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ. 23. და მო-რაჲ-ვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა, და ჰრქუეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 24. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, რომელი უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. 25. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან? ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი? 26. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთავე ვითარცა წინაწარმეტყუელი უპყრიეს იოვანე. 27. და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. 28. აწ ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; მოვიდა პირველისა მის და ჰრქუა: შვილო, წარვედ დღეს და იქმოდე ვენაჴსა ჩემსა. 29. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მნებავს. ხოლო უკუანაჲსკნელ შეინანა და წარვიდა. 30. და მოუჴდა მეორესა მას და ჰრქუა ეგრეთვე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: წარვიდე, უფალო; და არა წარვიდა. 31. ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ? ჰრქუეს მას: პირველმან მან. ჰრქუა მათ იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა. 32. რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი. 33. სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. 34. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მოავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. 35. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს. 36. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს. 37. ხოლო უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შე-ხოლო თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა. 38. ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი. 39. და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე სავენახისა მის და მოკლეს. 40. რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანის-მოქმედთა მათ? 41. ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანის-მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა. 42. ჰრქუა მათ იესუ არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. 43. ამისთჳს გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა.