უკან დაბრუნება

ღირსისა ეფრემ დიდისა, მაწყვერელისა (IX);

წმიდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმიდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.

საეკლესიო საქმეებისთვის აფხაზეთს მიმავალმა გრიგოლმა ქართლში „ნებითა ღმრთისაჲთა... პოვა ეფრემ ყრმაჲ, ჭაბუკი ღირსი და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული სიწმიდითა და სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი სასწაულთმოქმედი“. უკან დაბრუნებულმა გრიგოლმა ყრმა ეფრემი თან წაიყვანა ხანძთას არსენთან (ხს. 25 სექტემბერს) ერთად და აღსაზრდელად თავის თანამოღვაწეებს, ქრისტეფორესა და თეოდორეს (ხს. 5 ოქტომბერს) ჩააბარა.

ხანძთის სავანეში ყრმების გამოჩენამ საძმოს უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს მონასტრის წესდებით აკრძალული იყო. ბერებმა ღირს გრიგოლს მიმართეს: „საქმენი შენნი განუკითხველ არიან ყოველნი თჳნიერ ამისა, რომელ ყრმანი ესე მოყვანენ და წესსა შენგან დამტკიცებულსა შენზევე გამოეხუების მომავალთა ჟამთა საკდემელად ჩვენდა. დაღაცათუ უშიშ არს გული ჩუენი ჟამისა ამისათვის, არამეგ გარეშე წესისა არს საქმე ესე და აწ ესე არს სიტყვა ჩვენი, წმიდაო ღმრთისაო“. ღირსმა გრიგოლმა ძმებს აუწყა, რომ ყოველივე ღვთაებრივი გამოცხადებითა ჰქმნა: „ქრისტემან ღმერთმან წმიდისა ანგელოზისა პირითა მაუწყა ამათი საქმე ყოველი, რამეთუ ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყვნენ ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას ჟამამდე პატივისა მათისა“.

ღირსი ეფრემი აწყურის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ის უდიდესი მოღვაწე იყო იმდროინდელი საქართველოს ეკლესიისა. ჯავახეთში შეკრებულ საეკლესიო კრებაზე, რომელსაც კათოლიკოსის ტახტზე არსენის დარჩენა-გადადგომის საკითხი უნდა გადაეწყვიტა, ერთ-ერთი უპირველესი ეპისკოპოსთაგანი, რომლის სიტყვასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, სწორედ ეფრემ მაწყვერელი იყო. ეფრემი იყო წინამძღოლი ეპისკოპოსთა და სამღვდელოთა იმ დასისა, რომელიც კათოლიკოსის ტახტზე უკანონოდ აღსაყდრებული არსენის გადაყენებას მოითხოვდა. კრების მონაწილენი მისგან ელოდნენ ჭეშმარიტი მსჯავრის დადებას, ამიტომაც პირველი სიტყვის თქმა მას სთხოვეს: „ბრძანე პასუხი, რაჲ ჯერ არს“. ღირსმა ეფრემმა მორჩილად თქვა: „სადა მამაჲ გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყუად“. გრიგოლ ხანძთელმა ეკლესიის მამებს და კრების ორგანიზატორებს, გუარამ მამფალს აუხსნა, რომ არსენი ღვთის ნებით გახდა კათოლიკოსი საქართველოჲსა, „არამედ მირეან მამამან მისმან აუგიან ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო“. კრების შემდეგ ეფრემისა და არსენის სიყვარული კვლავ განახლდა.

წმიდა ეფრემმა უდიდესი ღვაწლი დასდო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოოდ განმტკიცების საქმეს. მისი შემწეობით საქართველოს ეკლესიამ მირონის მცხეთაში კურთხევის უფლება მიიღო. მანამდე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები წმიდა მირონს ანტიოქიის ეკლესიიდან იღებდნენ (მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის გამოკვლევითა და ვარაუდით, ქართული ეკლესია IV საუკუნეში ხარშავდა და აკურთხებდა მირონს მცხეთაში, ანტიოქიიდან კი მხოლოდ  „წმიდა მირონის არომატი“ ნივთიერებები შემოჰქონდათ).

წმიდა ეფრემი ორმოცი წელი განაგებდა აწყურის კათედრას. მას ღვთისგან მიმადლებული ჰქონდა განჭვრეტის, სასწაულთა ქმნისა და კურნების ნიჭი.

წმიდა ეფრემ დიდი მაწყვერელი ღრმად მოხუცებული მიიცვალა. მის წმიდა ნაწილებთან სარწმუნოებით მისულნი მრავალგვარ სნეულებათაგან იკურნებოდნენ.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.