უკან დაბრუნება

მოწამეთა: ესპერისა და ზოიასი და ძეთა მათთა - კვირიაკესი და თეოდულესი (II);

წმიდა მოწამე ესპერი, მეუღლე მისი ზოია და ძენი კირიაკე და თეოდულე მდიდარი წარმართ რომულის კატულუსის მონები იყვნენ (II). ისინი ეწამნენ ადრიანე იმპერატორის (117-138) მიერ ქრისტიანთა დევნისას. კატულუსის ვაჟის დაბადებასთან დაკავშირებით სასახლეში ქალღმერთ ფორტუნას სახელზე ზეიმი გამართეს. მონებს სადღესასწაულო ტრაპეზიდან გაუყვეს საჭმელი, რომელშიც ნაკერპავი ხორცი და ღვინოც შედიოდა. წმიდანები საჭმელს არ გაეკარნენ. ზოიამ ღვინო მიწაზე დაასხა, ხორცი კი ძაღლებს მიუგდო. მაშინ კატულუსმა ბრძანა, წმიდა ზოიას ვაჟები ეწამებინათ.

წმიდა კირიაკე და თეოდულე ხეზე მიაბეს და მშობლების თვალწინ სასტიკად აწამეს. წმიდა ესპერი და ზოია შვილებს განამხნევებდნენ და განსაცდელის ბოლომდე დათმენისკენ მოუწოდებდნენ. შემდეგ თვითონ მშობლებიც აწამეს, ბოლოს კი ოთხივე გახურებულ ღუმელში შეყარეს, სადაც ლოცვით მიაბარეს უფალს სული. მოწამეების სულებს სასუფევლისკენ ანგელოზთა გალობა მიაცილებდა, სხეულები კი უვნებლად იქნა დაცული.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.