პიროს ბრეთელი საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამაა. ჩამოვიდა ქალაქ ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. დაარსა ქართლში ბრეთის მონასტერი, დასაფლავებულია იქვე.
წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, ღირსი მამა პიროსი შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს მარცხენა სანაპიროზე დამკვიდრდა და სოფელ ბრეთის ახლოს მონასტერი ააგო. იქვე იღწვოდა, ქადაგებდა ქრისტიანობას და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. პიროს ბრეთელის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. დღეს წმინდა პიროსის მიერ აშენებული ეკლესია გადაკეთებულია, VIII-IX საუკუნეებში აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთანაა დაკავშირებული და მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს. ღირსი მამა თავის მიერ აშენებულ მონასტერშია დასაფლავებული.
ბრეთში სამონასტრო ცხოვრება ისევ აღორძინდა და დღეს აქ დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.ბრეთის პიროსის ეკლესია რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი. რესტავრირებულია.
წმინდა სინოდმა 2005 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დააწესა წმ. პიროს ბრეთელის ხსენების დღე – 15 მაისი (ძვ.სტ.), 28 მაისი (ახ.სტ.). ეს დღე ბრეთში დიდი ზეიმით აღინიშნება.
როგორც ცნობილია, VI საუკნის შუა წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ “ასურელი მამები” – იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები. იოანემ ისინი დამოძღვრა და წარავლინა “რომელნიმე მათგანი კახეტად, და რომელნიმე კუხეთად კერძო, და რომელნიმე ზენა კერძო სოფლით და ერთი ვინმე გარეშეთად, და სხუანი გარემო ქალაქსა ამას ჩუენსა სამეუფოსა ხოლო იგინი წარვიდეს და დაემკვიდრეს რომელნიმე ჭალაკთა და რომლენიმე მთათა, ქუაბთა და ხურელთა ქვეყანისათა.”
დაიწერა მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნები. ზოგიერთ მათგანში წარმოდგენილია ასურელი მამების სახელთა ნუსხა, მათ შორის მოიხსენიება მამა პიროსიც, ერთგან მხოლოდ სახელით ხოლო მეორეგან მისი მოღვაწეობის ადგილიც არის მითითებული – იგი მოხსენიებულია როგორც პიროს ბრეთელი. ამდენად სოფელ ბრეთის ეკლესიის პატრონის – მამა პიროსისა და პიროს ბრეთელის იდენტურობა ეჭვსგარეშეა. ამასვე ადასტურებს ვახუშტის ცნობა: “დვანის წყლის აღმოსავლეთით არს ბრეთის მონასტერი, უგუნბათო, რომელ ქმნა პიროს, იგ(13) მამათაგანმა და დაფლულ არს იგიცა მუნვე. არს აწ ხუცის ამარ”
რაც შეეხება ტოპონიმ ბრეთას, იგი აქ მონასტრის დაარსების შემდეგ დროინდელია. ბრეთი ბერეთიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ეს კი, თავისთავად მონასტრის სიდიდეზე, ბერთა სიმრავლეზე მიგვანიშნებს. თუმცა ეკლესიის ირგვლივ დღეს სხვა სამონასტრო ნაშთების კვალი არსად ჩანს, მაგრამ ადრე აქ “საძმო სამარხები” ყოფილა.
ძველ ეკლესიასთან დაკავშირებით ბრეთელები ამბობენ, რომ ეკლესიის საკურთხევლის წინ ღრმა ხარო არისო, რომელიც შეიძლება პიროსის სამყოფელიც იყო და აქვე დაუკრძალავთ კიდეც.
ხაროზე უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ბრტყელი ფილა იდო, რომელიც საფლავის ქვას მოგვაგონებს, თუმცა ეს ქვა გადაუადგილებიათ “განძის მაძიებლებს”.
ბრეთელებს პიროსის საფლავი მთავარი ეკლესიის ცენტრში ეგულებათ. იქ, სადაც ერთ საფეხურად ამაღლებული საკურთხევლის წინ გამართულია დაახლოებით ადამიანის ზომის სოლეა.
დღეს არსებული ბრეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. თუმცა იგი ერთბაშად არ აუგიათ. მისი ჩრდილოეთ მინაშენი თავდაპირველად დამოუკიდებელ მამა პიროსის ეკლესიას (ეკვდერს) წარმოადგენდა. სწორედ ეს მინაშენი უნდა ყოფილიყო პიროსის დროინდელი. ეს მცირე ზომის ერთნავიანი ნაგებობა ადრევე დანგრეულა მაგრამ მისი ნაშთები მაინც შეუნარჩუნებიათ, შეუკეთებიათ და ორგანიულად დაუკავშირებიათ მოგვიანო ნაგებობასთან.