ღირსი თეოდორე განწმენდილი (+368) წარმოშობით ეგვიპტელი იყო და იზრდებოდა მდიდარი და ცნობილი ქრისტიანი მშობლების ოჯახში. მასში ადრევე გაიღვიძა ბერული ცხოვრებისადმი მიდრეკილებამ. 14 წლისა სახლიდან გაიპარა და ერთ-ერთ მონასტერში დასახლდა. როცა ღირსმა მამამ პახუმი დიდის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, დატოვა მონასტერი და მასთან წავიდა. ღირსმა პახუმიმ, რომელსაც უფლისაგან წინასწარ განეცხადა ყრმის მოსვლა, სიყვარულით მიიღო იგი. სავანეში დარჩენილი თეოდორე მალე შეეგუა მეუდაბნოეთა ცხოვრების წესს. წმიდანის დედამ გაიგო, რომ მისი ვაჟი ტაბენისის სავანეში იმყოფებოდა, ეპისკოპოსის წერილით მივიდა პახუმი დიდთან და შვილთან შეხვედრა სთხოვა. თეოდორემ უარი განაცხადა დედის ნახვაზე, რადგან ეშინოდა, რომ დაარღვევდა სოფლის უარყოფის აღთქმას.
ღირსი პახუმი ხედავდა წმიდა თეოდორეს საღმრთო გონიერებას და დაავალა, ძმებისთვის წმიდა წერილის სწავლება აეხსნა. მაშინ წმიდა თეოდორე მხოლოდ 20 წლისა იყო. ის უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვრის კურთხევას, მაგრამ ზოგიერთი ასაკოვანი ბერი შეურაცხყოფილი დარჩა ახალგაზრდა ბერის სწავლებით და განეშორა მას. ღირსმა პახუმიმ მათ უთხრა: „თქვენ ეშმაკს დაემორჩილეთ და თვითდაჯერებულობით ამაოდ აქციეთ თქვენი ღვაწლი. თქვენ თეოდორე კი არ უარყავით, არამედ სიტყვა ღვთისა და მოაკლდით სულიწმიდის მადლს“. წმიდა თეოდორე მამაშვილური სიყვარულით ზრუნავდა თავის მოძღვარზე, უვლიდა სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულს და როცა აღესრულა, საკუთარი ხელებით დაუხუჭა თვალები.
ღირსი პახუმის სიკვდილის შემდეგ ტაბენისის მონასტერს წმიდა თეოდორე განაგებდა, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა თებოდის ყველა სავანეს. ღირს მამას სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მას კარგად იცნობდა წმიდა ათანასე ალექსანდრიელი. წმიდა თეოდორე აღესრულა ღრმად მოხუცი, 368 წელს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.