წმიდა ზაბულონი და სოსანა, წმიდა ნინოს მშობლები იყვნენ.
წმიდა ზაბულონი დაიბადა კაბადოკიაში დაახ. 280 წელს. წმიდა ზაბულონის მშობლები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ამ დროს კაბადოკიაში მრავლად ცხოვრობდნენ ქართველური ტომები. მეცნიერთა ვარაუდით წმიდა ზაბულონი ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმიდა დიდმოწამე გიორგი წმიდა ზაბულონის დისშვილი იყო. როგორც წყაროები გვამცნობენ, წმიდა გიორგის წამების დროს რომში ჩავიდა „კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონა ღვთისა სახელით ზაბულონი“ და რომის იმპერატორის არმიაში დაიწყო სამსახური, მან მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა მხედარმა და უბადლო მეომარმა. ფრანგებთან ბრძოლის დროს „მოსცა უფალმან ძალი ზაბულონს“, შეიპყრო ფრანგთა მეფე და მთავარნი და რომის იმპერატორს მიჰგვარა. იმპერატორმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ტყვეებს.
წმიდა ზაბულონის ქადაგების გავლენით სიკვდილის წინ ტყვეებმა ქრისტიანული ნათლისღება ითხოვეს. ზაბულონმა იმპერატორს სთხოვა შეესრულებინა ტყვეთა ბოლო სურვილი. სიკვდილმისჯილებს „მისცეს ნათელი ხელსა ქვეშე ზაბულონისა“. წმიდა ზაბულონმა თავისი ნათლულების შეწყალება ითხოვა და იმპერატორმა მიჰმადლა მას მისი სულიერი შვილების სიცოცხლე.
წმიდა ზაბულონის ღვაწლით მთელი მაშინდელი საფრანგეთი ეზიარა ქრისტეს წმიდა ნათელს. IX საუკუნის უცნობი ქართველი ჰიმნოგრაფი წმიდა ნინოს შესხმისას წერს: „ზაბულონ მამამან მისმან ფრანგნი უკუე მოაქცივნა მახვილითა, ხოლო ნეტარმან ნინო მოაქცივნა ქართველნი, ჯვრითა ცხოველითა“.
წმიდა ზაბულონი იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად. იქ მან მთელი მონაგები გლახაკებს დაურიგა და იერუსალიმის პატრიარქ იუბენალთან დაიწყო მსახურება. პატრიარქმა ფრანგთა „მამასა და ემბაზს“, „ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით სრულ“ ზაბულონს თავისი და, სოსანა მიათხოვა. წმიდა ზაბულონი და სოსანა ზაბულონის სამშობლოში - კაბადოკიაში წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო, რომელსაც ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდნენ „მსახურებასა შინა გლახაკთასა“.
როდესაც ნინო თორმეტი წლის გახდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში წავიდნენ. ზაბულონმა პატრიარქ იუბენალისგან აიღო კურთხევა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ, „სადა ყოფა მისი უწყის ღმერთმან“. წმიდა სოსანა - „დედა იგი წმიდა ნინოსი მისცა პატრიარქმან მსახურად გლახაკთა დედათა და უძლურთა“. ცნობა წმიდა ნინოს მშობლების შესახებ მხოლოდ ქართულმა წყაროებმა შემოგვინახა.
1996 წლის 10 (23) დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა განჩინება:
„სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ!
ქართველი ერის განმანათლებლის, წმიდა ნინოს მშობლები, ზაბულონ და სოსანა, ოდეს მძლავრობდა წარმართთა სარწმუნოება და მრავალნი ეწამებოდნენ ქრისტესთვის, იყვნენ დაუფარავი აღმსარებელნი ჭეშმარიტი ღმერთისა და ნათლისმცემელ მრავალთა, შემდგომად კი, დაუტევეს რა ყოველი მონაგები, შეუდგნენ ღმერთსა, ზაბულონ - უდაბნოსა შინა, ხოლო სოსანა - გლახაკთა მსახურებასა შინა.
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი განაჩინებს, რათა წმიდა ნინოს მშობლები მოციქულთა სწორის აღზრდისათვის და ღვთივსათნო მოსაგრე ცხოვრებისათვის შერაცხილ იქნენ წმიდანთა დასში და ეწოდოთ: ზაბულონს - ღირსი მამა ზაბულონი და სოსანას - ღირსი დედა სოსანა“.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.