საქ. 32 დას. XIII, 13-24
წარ-რაჲ-ვიდეს პაფოჲთ პავლე და მისთანანი იგი, წიაღჴდეს პერგედ პამფილიაჲსა. ხოლო იოვანე განეშორა მათგან და მიიქცა მუნვე იერუსალჱმდ. და იგინი განვიდეს პერგით და მივიდეს ანტიოქიად პისიდიისა, და შევიდეს შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს. და ვითარცა აღმოიკითხეს სჯული და წინაწარმეტყუელნი, მიავლინნეს მათდა შესაკრებელის მთავართა მათ და ჰრქუეს: კაცნო ძმანო, უკუეთუ არს თქუენ თანა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ ერისა ამის მომართ, იტყოდეთ. აღდგა პავლე და განუყარა ჴელი, რაჲთა დადუმნენ, და თქუა: კაცნო ისრაიტელნო და რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ! ღმერთმან ამის ერისამან გამოირჩინა მამანი ჩუენნი და ერი იგი აღამაღლა ჟამსა მას მწირობისასა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და მკლავითა მაღლითა გამოიყვანნა იგინი მიერ. და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა ორმეოცისა წლისა ჟამთა, და დაარღჳნა ნათესავნი შჳდნი ქუეყანასა მას ქანანისასა და დაუმკჳდრა მათ ქუეყანაჲ იგი მათი. და შემდგომად ამისა ვითარ ოთხას ერგასის წელ ოდენ მოსცა მათ მსაჯულებ მიდღედმდე სამოელ წინაწარმეტყუელისა. მიერითგან ითხოვეს მეფე, და მოსცა მათ ღმერთმან საულ, ძე კისისი, კაცი ნათესავისაგან ბენიამენისა, ორმეოც წელ. და ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა, და თქუა: ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ყოველი ნებაჲ ჩემი. მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღთქუმისა მისებრ აღუდგინა ისრაჱლსა მჴსნელი იესუ, რომელსა წინაჲსწარ ქადაგებდა იოვანე წინაშე პირსა შემოსლვისა მისისასა ნათლის-ღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაჱლისა.
ინ. 18 დას. VI, 5-14
აღიხილნა თუალნი თჳსნი იესუ და იხილა, რამეთუ მრავალი ერი მოვალს მისა. ჰრქუა ფილიპეს: ვინაჲ ვიყიდოთ პური, რაჲთა ჭამონ ამათ? ამას რაჲ ეტყოდა, გამოსცდიდა მას, ხოლო თჳთ უწყოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად. ჰრქუა ფილიპე: ორასისა დრაჰკნისა პური ვერ კმა არს ამათა, რაჲთა კაცად-კაცადმან მცირედ რაჲმე მიიღოს. ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, ანდრია, ძმამან სიმონ-პეტრესმან: არს აქა ყრმაჲ, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაჲ და ორი თევზი, არამედ ესე რაჲ არს ესოდენთა წინაშე? ჰრქუა მათ იესუ: დასხით კაცები ესე. და იყო თივაჲ ფრიად ადგილსა მას, და დასხდა კაცები იგი, რიცხჳთ ვითარ ხუთ ათას ოდენ. და მოიხუნა იესუ პურნი იგი და ჰმადლობდა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას, რომელნი-იგი დასხდეს. ეგრეცა თევზთა მათგანი, რაოდენი-იგი უნდა მათ. და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რაჲთა ნუმცა რაჲ წარწყმდების. ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი ნამუსრევითა ხუთთა მათ პურთაგან ქრთილისათა, რომელ-იგი დაუშთა მათ, რომელთა-იგი ჭამეს. ხოლო კაცთა მათ ვითარცა იხილეს სასწაული იგი, რომელ ქმნა იესუ, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად.