წმიდა თეოდორა ქალწული და დიდიმე მხედარი (+304) ქრისტესთვის აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქალაქ ალექსანდრიაში 303 ან 304 წელს.
წმიდა ქალწულმა თეოდორამ ალექსანდრიის მმართველის ევსტრატის წინაშე თამამად აღიარა ქრისტიანობა. ევსტრატის კითხვაზე, თუ რატომ არ გათხოვდა, თეოდორამ მიუგო, რომ თავი უფალს განუკუთვნა და მისი სახელისათვის დაიმარხა ქალწულება. ევსტრატიმ წმიდანს სამი დღე მისცა მოსაფიქრებლად და დაემუქრა, რომ თუ არ შეინანებდა, საროსკიპოში ჩააგდებდა. დაკითხვაზე ხელმეორედ მიყვანილმა ქალწულმა კვლავინდებურად მტკიცედ დაიცვა თავისი რწმენა. მაშინ იგი, შეპირებისამებრ, საროსკიპოში ჩააგდეს. მხედრის სამოსით შემოსილი ქრისტიანი დიდიმე დაუბრკოლებლად შევიდა სამეძაოში, დაფანტა შეშინებული გარყვნილები და თავის ტანსაცმელ გადაცმული თეოდორა გამოაპარა. როცა მომხდარი ევსტრატის აუწყეს, მან სამსჯავროზე დაიბარა წმიდა დიდიმე. წმიდანი თამამად მოჰყვა, თუ როგორ გაათავისუფლა წმიდა აღმსარებელი. შეუპოვრობისათვის დიდიმე სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილის წინ მოწამესთან მივიდა წმიდა თეოდორა და განუცხადა, რომ სურდა მასთან ერთად მიებარებინა სული უფლისათვის. ამის შემყურე ევსტრატიმ ბრძანა, ორივესთვის მოეკვეთათ თავი.
წმიდა ცხედრები ცეცხლში დაწვეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.