საქ. 38 დას. XVI, 16-34
იყო, ვითარ წარვიდოდეთ ჩუენ ლოცვად, მჴევალი ვინმე წინა შემემთხჳა ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაჲ, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა. ესე მისდევდა პავლეს და ჩუენ, ჴმობდა და იტყოდა: ესე კაცნო მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა. და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსლვად მაგისგან. და განვიდა მასვე ჟამსა. ვითარცა იხილეს უფალთა მათ დედაკაცისათა, რამეთუ განსრულ იყო სასოებაჲ სარეწავისა მათისაჲ, შეიპყრნეს პავლე და შილა და მიზიდვიდეს მათ ურაკპარაკად მთავართა მათთა. და მიჰგუარნეს იგინი ერისთავთა მათ და ჰრქუეს: ესე კაცნი აღსძრვენ ქალაქსა ამას ჩუენსა, ჰურიანი არიან და შეკრბებოდა ერი მათ ზედა. და ერისთავთა მათ მოაპეს სამოსელი მათი და უბრძანეს კუერთხითა ცემაჲ. და ვითარ მრავალი წყლულებაჲ დასდვეს მათ ზედა, შესხნეს იგინი საპყრობილესა, და ამცნეს საპყრობილისა მცველსა მას კრძალულად დაცვაჲ მათი; და მან, ვითარცა ესევითარი მცნებაჲ მოიღო მათგან, შესხნა იგინი უშინაგანესსა საპყრობილესა და ფერჴნი მათნი დაჰკრძალნა ჴუნდსა შინა. და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა; და ისმენდეს მათსა სხუანი იგი პყრობილნი. მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა, და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს, და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს. და ვითარ განეღჳძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ: ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი. ჴმა-უყო მას ჴმითა დიდითა პავლე და ჰრქუა: ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ. ხოლო მან მოითხოა სანთელი და შეისწრაფა შინა, და ძრწოლაჲ შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას და გამოიყვანნა იგინი გარე და ჰრქუა: უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე? ხოლო მათ ჰრქუეს: გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი. და ეტყოდეს მას სიტყუასა მას უფლისასა, და ყოველთა სახლეულთა მისთა. და წარიყვანნა იგინი მასვე ჟამსა ღამისასა და განბანნა იგინი ნაგეუმთა მათგან. და ნათელ-იღო მან და მისთა ყოველთა; მეყსეულად აღიყვანნა იგინი სახედ თჳსა და დაუგო მათ ტაბლაჲ. და უხაროდა მას ყოვლითურთ სახლეულით, რომელთა ჰრწმენა ღმერთი.
ინ. 34 დას. IX, 1-38
ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა? ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაჲ მაგას ზედა. და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ჴელ-ეწიფოს საქმედ. ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაჲ. და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თვალთა მის ბრმისათა და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა.
ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ? სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ. ჰკითხვიდეს მას: ვითარ აღგეხილნეს თუალნი შენნი? მან მიუგო და ჰრქუა მათ: კაცმან რომელსა ჰრქჳან იესუ, თიჴაჲ შექმნა და მცხო თვალთა ჩემთა და მრქუა მე: წარვედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე. მივედ და დავიბანე და აღვიხილენ. ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ხოლო მან რქუა მათ: არა უწყი. იყო შაბათი, ოდეს-იგი თიჴაჲ შექმნა იესუ და აღუხილნა თვალნი მისნი.
მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი–იგი პირველად ბრმაჲ იყო. კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ. იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? და ცილობაჲ იყო მათ შორის. ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინაწარმეტყუელი არს. არა ჰრწმენა ჰურიათა მისთჳს, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა თუალნი, ვიდრემდე მოუწოდეს მამა-დედათა მისთა, რომელმან-იგი აღიხილნა, ჰკითხვიდეს მათ და ჰრქუეს: ესე არსა ძჱ იგი თქუენი, რომელისაჲ თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ბრმაჲ იშვა? აწ უკუე ვითარ ხედავს? მიუგეს მამა-დედათა მისთა და ჰრქუეს: უწყით, რამეთუ ესე არს ძჱ ჩუენი და რამეთუ ბრმაჲ იშვა. ხოლო აწ ვითარ ხედავს, ჩუენ არა ვიცით; ანუ ვინ აღუხილნა მაგას თუალნი, ჩუენ არა უწყით; მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს, ეგე თავისა თჳსისათჳს იტყოდენ. ამისთჳს ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათაგან, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განჴადონ იგი. ამისთჳს თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: ჰასაკი აქუს, მაგას ჰკითხეთ. მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაჲ ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ არს. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ. მერმე ჰრქუეს მას: რაჲ გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი? მიუგო და ჰრქუა მათ: გარქუ თქუენ პირველვე, და არა გესმა; რაჲსაღა გნებავს კუალად სმენად? ანუ თქუენცა გნებავს მოწაფე ყოფად მისა? ხოლო იგინი აგინებდეს მას და ჰრქუეს: შენ ხარ მოწაფე მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ. უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს. მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი. ესე უწყი, რამეთუ ცოდვილისაჲ არა ისმინის ღმერთმან, არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთის-მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ, ამისი ისმინის ღმერთმან. საუკუნითგან არასადა ისმა, ვითარმცა აღ-ვინმე-უხილნა თუალნი შობითგან ბრმისანი. უკუეთუმცა არა იყო ესე ღმრთისაგან, ვერმცა რას შემძლებელ იყო საქმედ. მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვათა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად და შენ გუასწავებ ჩუენ? და განჴადეს იგი გარე. ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძე ღმრთისაჲ? მან მიუგო და ჰრქუა: ვინ არს იგი, უფალო, რაჲთა მრწმენეს იგი? ჰრქუა მას იესუ: იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს. ხოლო მან ჰრქუა მას: მრწამს, უფალო, და თაყუანის-სცა მას.