უკან დაბრუნება

ლიტ. - საქ. 45 დას. XXI, 8-14. ინ. 49 დას. XIV, 27 - XV, 7.

საქ. 45 დას. XXI, 8-14

8. ხოლო ხვალისაგან გამოვედით მიერ და შევედით კესარიად და მივედით სახლსა ფილიპე მახარებელისასა, რომელი-იგი იყო შჳდთაგანი, და დავადგერით მის თანა. 9. ამისნი იყვნეს ოთხნი ასულნი, ქალწულნი წინაწარმეტყუელნი. 10. და ვიყოფოდეთ რაჲ მუნ მრავალ დღე, გარდამო-ვინმე-ვიდა ჰურიასტანით წინაწარმეტყუელი, სახელით აგაბოს. 11. და მოვიდა ჩუენდა და აღაღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერჴნი და ჴელნი მისნი და თქუა: ამას იტყჳს სული წმიდაჲ: კაცისა რომლისაჲ არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალჱმს ჰურიათა და მისცენ იგი ჴელსა წარმართთასა. 12. ხოლო ჩუენ ვითარცა გუესმა ესე, ვევედრებოდეთ მას და მის ადგილისანი იგი, რაჲთამცა არა აღვიდა იგი იერუსალჱმდ. 13. მაშინ მოგჳგო პავლე და გურქუა: რასა იქმთ, სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა? რამეთუ მე არა ხოლო შეკრვად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალჱმს სახელისათჳს უფლისა იესუჲსსა. 14. ვითარ-იგი ვერ ვარწმუნეთ მას, დავდუმენით და ვთქუთ: ნებაჲ უფლისაჲ იყავნ!

 ინ. 49 დას. XIV, 27 - XV, 7

27. მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ; არა ვითარ სოფელმან მისცის, მიგცემ თქუენ. ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ. 28. გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ: წარვალ და მოვიდე თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, გიხაროდამცა, რამეთუ მივალ მამისა ჩემისა, რამეთუ მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს. 29. და აწ გარქუ თქუენ, ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს. 30. არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამეთუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა პოოს არარაჲ. 31. არამედ რაჲთა ცნას სოფელმან, რამეთუ მიყუარს მე მამაჲ, და ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეთცა ვყო. აღდეგით და წარვიდეთ ამიერ.

15

1. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს. 2. ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს. 3. ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ. 4. დაადგერით თქუენ ჩემთანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკეთუ არა დაადგრეთ ჩემთანა. 5. მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი. 6. უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას. 7. უკეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲცა გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ.