ღირსი დოდო გარეჯელი წარმოშობით კახელი იყო, ანდრონიკაშვილთა გვარიდან. სიყრმიდგან მონაზვნობის ღვაწლის მიმღები და ქრისტეს მსახურებას შემდგარი, ყოველგვარი სათნოებით იყო შემკული. უპოვარებისა და დაყუდების მოყვარული ბერი განმარტოებით მოღვაწეობდა ნინოწმინდაში.
როცა ღირსმა დოდომ გაიგო მამა დავით გარეჯელის სასწაულების ამბავი, გარეჯში წავიდა. ღირსმა მამებმა კეთილად მოიკითხეს ერთმანეთი და გვერდიგვერდ დაიწყეს მოღვაწეობა.
რამდენიმე ხნის შემდეგ მამა დავითმა იხილა ღირსი დოდოს სარწმუნოებრივი სიმტკიცე, მოეწონა „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“ და კურთხევა მისცა პირდაპირ აღმართული კლდის წვერზე აეგო სენაკები და იქ წაეყვანა თანამოსაგრეები.
ძმებმა ააგეს სენაკები და დაიწყეს მოღვაწეობა. შემდეგ სენაკების რაოდენობამ ორასს გადააჭარბა. თვითონ ღირსი დოდო დაეყუდა ერთ ვიწრო ნაპრალში, რომელიც ერთ კაცს ძლივს იტევდა და დღე და ღამ, ზამთარ-ზაფხულ, სიცხესა და ყინვაში ცრემლებით ევედრებოდა უფალს ცოდვათა მიტევებას, ძმათა გაძლიერებას და ქვეყნის მოქცევას ჭეშმარიტ სჯულზე.
ერთხელ მამა დავითმა სასწაულებრივად განკურნა რუსთავის მთავრის, ბუბაქარის დავრდომილი ვაჟი. მადლიერმა მთავარმა მეუდაბნოე ბერებისთვის აუცილებელი ნივთები მიართვა ღირს მამას. წმიდა დავითმა მიიღო ნაწილი, დანარჩენი კი ღირს დოდოს გაუგზავნა და ბუბაქარს ურჩია, მისი ხელით მონათლულიყო. წმიდა დოდომ სიხარულით აღასრულა ნათლობის საიდუმლო და ნათელ-სცა ბუბაქარს, მის სამ ვაჟს და მთელს ამალას.
ღრმა სიბერემდე მოღვაწეობდა ღირსი დოდო მის მიერ დაარსებულ მონასტერში და იქვე აღესრულა მშვიდობით.
სულიერმა შვილებამა და თანამოსგარეებმა სენაკშივე დაფლეს მისი წმიდა სხეული. შემდგომ წმიდა დოდო გარეჯელის საფლავზე ეკლესია აშენდა.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ