წმიდა ტრიფილე ლევკუსიის ეპისკოპოსი (დაახლ. 370) კონსტანტინეპოლში დაიბადა, განათლება კი ბირითში (ბეირუთი, სირია) მიიღო. ღრმად განსწავლულმა და საოცარი მჭევრმეტყველების ნიჭის მქონე წმიდანმა მოძღვრად თავმდაბალი და სიწმიდით გამორჩეული მოსაგრე - სპირიდონ ტრიმიფუნტელი (+348, ხს. 12 დეკემბერს) აირჩია. ერთხელ იმპერატორი კონსტანცი II (337-340) მძიმედ დაავადდა - ვერც ერთმა წამალმა და ვერანაირმა მკურნალმა ვერ უშველა. სახიერმა ღმერთმა მოწყალე თვალით გადმოხედა სნეულს და ძილში ხილვა მოუვლინა: ანგელოზმა ეპისკოპოსთა კრებულში მდგარ ორ მამაზე მიუთითა და უთხრა: მხოლოდ მათ შეუძლიათ შენი განკურნებაო. იმპერატორმა მთელს იმპერიაში დაგზავნა წერილები და ყველა მღვდელმთავარს თავისთან უხმო. ჩამოსულთა შორის ადვილად ამოიცნო წმიდა სპირიდონი და მისი მოწაფე, ტრიფილე, ქედი მოიდრიკა მათ წინაშე და სთხოვა, ელოცათ მისთვის. მღვდელმთავარმა სპირიდონმა თავზე ხელი დაადო იმპერატორს და განკურნა. წმიდა ტრიფილე ძალიან მოიხიბლა სასახლის სილამაზით, იმპერატორის დიდებული გარეგნობით და სამეფო კარის მდიდრული ცხოვრებით. მოძღვარმა უთხრა: „ასე რამ აღგაფრთოვანა? განა ეს ბრწყინვალება მეფეს უფრო მართალს გახდის? გავიწყდება, რომ ყველანი - მეფეებიც და დიდებულებიც - უკანასკნელი გლახაკებივით მიიცვალებიან და მათთან ერთად წარდგებიან უფლის წინაშე? ჩვენ მარადიული სიკეთე და ზეციური დიდება უნდა ვეძიოთ“.
მალე წმიდა ტრიფილეს კვიპროსის ქალაქ ლევკუსიის მღვდელმთავრად დაასხეს ხელი. ერთხელ ეპისკოპოსი თავის მოძღვართან ერთად ერთ მეტად თვალწარმტაც მხარეში მოხვდა. იგი ახლა ბუნების მშვენიერებამ და ნაყოფსავსე ბაღ-ვენახების სიუხვემ აღაფრთოვანა და ამ მიწის შესყიდვაზე დაიწყო ფიქრი. სპირიდონმა განჭვრიტა მისი აზრები და უთხრა: „რატომ ფიქრობ ყოველთვის ამქვეყნიურზე და ამაოზე? ჩვენი საუნჯე და სამკვიდრებელი ზეცაშია და მისკენ უნდა ვისწრაფოთ!“
ტრიფილემ სახელი გაითქვა თავისი წიგნიერებითა და მჭევრმეტყველებით, ამიტომ როცა კვიპროსზე მღვდელმთავართა კრება შედგა, ამბიონიდან ხალხის დამოძღვრა მას დაავალეს. მაცხოვრის მიერ დავრდომილის განკურნებაზე საუბრისას ტრიფილემ სიტყვა „ცხედრის“ ნაცვლად „სარეცელი“ იხმარა. წმიდა სპირიდონმა ვერ აიტანა სახარების ტექსტის არაზუსტი გადმოცემა და რისხვით მიმართა სულიერ შვილს: „ნუთუ შენ აღემატები მას, ვინც სიტყვა „ცხედარი“ იხმარა? მაცხოვრის სიტყვების გამეორების გრცხვენია?“ ეს მორჩილებისა და თავმდაბლობის გაკვეთილი იყო წმიდა ტრიფილესთვის. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავდა იგი მოძღვარს სულიერი სრულყოფილებისაკენ.
მღვდელმთავარი ტრიფილე ბრძნულად განაგებდა თავის სამწყსოს. იგი გამოირჩეოდა გულმოწყალებით, სიმშვიდით, მართლმადიდებლური რწმენის სიმტკიცით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით და მრავალი სხვა სათნოებით. დედისგან ნაანდერძევი ქონებით წმიდანმა ლევკუსიაში მონასტერი ააგო, გარდაიცვალა ღრმად მოხუცი, დაახლოებით 370 წელს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.