ნეტარი იერონიმე სტრიდონელი ქალაქ სტრიდონში (დალმაცია და პანონია) მცხოვრებ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. განათლების მისაღებად მშობლებმა ჭაბუკი რომში გაგზავნეს, სადაც იგი საერო მეცნიერებებს სწავლობდა. დედაქალაქში ჩასული იერონიმე თავდაპირველად ქალაქური ფუფუნებითა და ახალგაზრდული თავაშვებულობით ცხოვრობდა, მაგრამ მალე მასში ცხოვრების წესის ძირფესვიანად შეცვლის სურვილი მომწიფდა. მომავალი წმიდანი 20 წლის იყო, როცა მოინათლა. ამის შემდეგ იგი გალიაში ჩავიდა, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა, ღვთისთვის მიეძღვნა თავი და ბერად აღკვეცილიყო.
დაახლოებით 372 წელს იერონიმე მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა; დედ-მამა გარდაცვლილი დაუხვდა და უმცროს და-ძმაზე ზრუნვა მას დააწვა ტვირთად. საღვთო შურით ანთებულს ბერად აღკვეცის გადადება მოუხდა. ამ ხანებში იგი გულმოდგინედ სწავლობდა საღვთო წერილს.
საოჯახო საქმეების მოწყობის შემდეგ ნეტარი მამა აღმოსავლეთში გაემგზავრა. იგი ხუთი წელი ცხოვრობდა სირიის ერთ-ერთ მონასტერში. აქ იერონიმე ძირითადად წმიდა წერილზე მუშაობდა და მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. იერონიმემ საფუძვლიანად შეისწავლა ებრაული და ქალდეური ენები. ამ დროს დაიწყო მისი მიმოწერა მრავალ პირთან სხვადასხვა საკითხზე. ჩვენამდე მოაღწია მისმა 120-მა წერილმა. მალე ანტიოქიაში ეპისკოპოსების: მელეტის, პავლინისა და ვიტალის მომხრეებს შორის წარმოქმნილმა შფოთმა და უთანხმოებამ იმ სავანეშიც იჩინა თავი, სადაც ნეტარი იერონიმე იღვწოდა, ამის გამო მას მონასტრის დატოვება და ანტიოქიაში წასვლა მოუხდა. აქ ეპისკოპოსმა პავლინმა წმიდანი მღვდლად აკურთხა. შემდეგ იერონიმე კონსტანტინეპოლში ჩავიდა, სადაც ესაუბრა წმიდა მღვდელმთავრებს: გრიგოლ ღვთისმეტყველსა და გრიგოლ ნოსელს, 381 წელს კი რომში გაემგზავრა. აქ მან სამეცნიერო მოღვაწეობა განაგრძო. წმიდა პაპმა დამას I-მა (366-384), რომელიც ასევე წმიდა წერილის შესწავლით იყო დაკავებული, დაიახლოვა ნეტარი მამა, მაგრამ იერონიმეს მამხილებელი სიტყვით გაგულისებულმა რომაელმა ქრისტიანებმა მოიძულეს იგი და სამი წლის შემდეგ იძულებული გახადეს, დაეტოვებინა ქალაქი. წმიდანმა ძმასთან, პავლინიანესთან და მეგობრებთან ერთად მოილოცა წმიდა მიწა, მოინახულა ნიტრიის უდაბნოს ბერები, 386 წელს კი ბეთლემში, იმ გამოქვაბულის მახლობლად დამკვიდრდა, სადაც ქრისტე იშვა, და მკაცრ ღვაწლს შეუდგა.
ეს იყო ნეტარი მამის შემოქმედებითი მოღვაწეობის აყვავების ხანა. თავისი დროის გამოჩენილმა მეცნიერმა ეკლესიას მდიდარი წერილობითი მემკვიდრეობა დაუტოვა: დოგმატურ-პოლემიკური და ზნეობრივ-ასკეტური ნაწერები, წმიდა წერილის განმარტებები, ისტორიული თხზულებები. მისი უმთავრესი ნაშრომია ძველი და ახალი აღთქმის საღვთო წიგნების ხელახალი თარგმანი ლათინურ ენაზე. ეს თარგმანი, რომელსაც ვულგატა უწოდეს, დასავლეთის ეკლესიაში საყოველთაო ხმარებაშია.
წმიდა იერონიმე ბეთლემის გამოქვაბულში თავის კელიაში აღესრულა დაახლოებით 420 წელს. მისი წმიდა ნაწილები რომში გადაასვენეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.