წმიდა ლევკი აღმსარებელი კეთილმსახური ალექსანდრიელების, ევდოკისა და ევფროსინიას შვილი იყო. მშობლებმა ახალშობილს ევტროპი დაარქვეს. წმიდანი 11 წლისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამა წმიდა ერმის მონასტერში ბერად შედგა და ვაჟიც თან წაიყვანა. აქ ყმაწვილის აღზრდას იღუმენი ნიკიტა და სხვა გამოცდილი მამები ხელმძღვანელობდნენ. საოცარი გულისხმიერებით გამორჩეულმა ყრმამ კარგად შეისწავლა საღვთო წერილი, ბუნებითაც მშვიდი, თავმდაბალი და მორჩილი იყო. როცა იღუმენი ნიკიტა გარდაიცვალა, ძმებმა წინამძღვრად ერთსულოვნად 18 წლის ევტროპი აირჩიეს, თუმცა იგი ჯერაც არ იყო მონაზვნად ნაკურთხი. მომავალი წმიდანი, რომელიც თავს არ თვლიდა ღირსად ვინმესთვის ეხელმძღვანელა, მტკიცე უარზე დადგა. სავანე შვიდი წელი იღუმენის გარეშე იყო. ამ ხნის განმავლობაში ევტროპიმ სულიერების მაღალ საფეხურს მიაღწია. ერთხელ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ევდოკიმ თავის ძესთან ერთად ალექსანდრიის მახლობლად მდებარე მიძინების ტაძრის მოლოცვა გადაწყვიტა. ღამე მათ მონასტერში გაათიეს, რომელსაც იღუმენი თეოდორე წინამძღვრობდა. აქ ევდოკის უფალმა აუწყა, რომ მალე გარდაიცვლებოდა, მისი შვილი კი მღვდელმთავარი შეიქნებოდა და ქრისტეს ნათლით გაანათლებდა იტალიის ქალაქ ვრუნტისიოპოლსა და მის შემოგარენს. მამას ვაჟიშვილის ახალი სახელიც გაუცხადდა - ლევკი, რაც ნიშნავს: „სული ღვთისა სუფევდეს მას ზედა“. სადღესასწაულო წირვაზე ელიოპოლელ ეპისკოპოს ელის ზეგარდმო ჩაესმა ხმა, რომელიც ლევკის სამღვდელმთავრო ღვაწლზე აკურთხებდა.
ერმის მონასტრის ბერები ეპისკოპოსს დაჟინებით სთხოვდნენ, წმიდანი სავანის იღუმენად დაედგინა. მოსაგრეს თავი უღირსად მიაჩნდა და უარობდა, მაგრამ ეპისკოპოსის ნებას წინ ვერ აღუდგა. ჯერ მას მღვდლად დაასხეს ხელი, შემდეგ კი წინამძღვრადაც აკურთხეს.
ამ დროიდან მოყოლებული ლევკიმ კიდევ უფრო გააძლიერა ღვაწლი, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა.
ამასობაში მოწამეობრივად აღესრულა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ფილიპე და მის ნაცვლად ლევკი აირჩიეს. ეპარქმა, რომელიც ხედავდა, რომ ეკლესიის წმიდა წინამძღვარი მრავალ კერპთაყვანისმცემელს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ხალხი დაირაზმა საყვარელი მღვდელმთავრის დასაცავად, წმიდა მწყემსმთავარმა თავისი ტახტი ღირსეულ ეპისკოპოსს დაუთმო, თან გაიყოლა დიაკვნები - ევსები, დიონისე, კიდევ ხუთი მოწაფე, და იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა. მალე მათ შეუერთდნენ მღვდლები - ლეონი და საბინი. ვრუნტისიოპოლის გზაზე წმიდანს შეხვდა ტრიბუნი არმალეონი 67 მხედართან ერთად და ქრისტიანობაზე მოაქცია ისინი. ქალაქში შესულმა მამამ განაგრძო უფლის სიტყვის ქადაგება. როცა ქალაქის თავმა ანტიოქოსმა შეიტყო, რომ ტრიბუნი არმალეონი გაქრისტიანდა, თავისთან მოიხმო იგი და დიდხანს ესაუბრა. მისგანვე შეიტყო წმიდა ლევკის შესახებ და მისი ნახვაც მოიწადინა. შეხვედრისას მმართველმა ნეტარ ბერს უთხრა: „თუ გსურს ვირწმუნოთ ღმერთი, რომელსაც ქადაგებ, შესთხოვე მას, მოგვივლინოს წვიმა, რომელიც ორი წელია არ გვინახავს“. წმიდანმა შეკრიბა ღვთისმსახურები, ყველა ახალმოქცეული ქრისტიანი და მათთან ერთად მხურვალე ლოცვა აღავლინა ყოვლისშემძლე მეუფის მიმართ. ღმერთმა მოწყალე თვალით მოხედა მვედრებლებს: მალე ცაზე საავდრო ღრუბლები გამოჩნდა და ღვარივით გადმომსკდარმა წვიმამ დაარწყულა გვალვისგან გამომშრალი და დამსკდარი მიწა. ამ სასწაულის მოწმე ანტიოქოსმა და ვრუნტისიოპოლის მთელმა მოსახლეობამ (27 000 კაცმა) ნათელ-იღო. ამ მოვლენის აღსანიშნავად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგეს, იმ ადგილას კი, სადაც ქალაქის მკვიდრნი მოინათლნენ, მეორე ეკლესიაც აღმართეს - იოანე ნათლისმცემლის სახელობისა.
მალე მღვდელმთავარი დასნეულდა. უფალმა გამოცხადებით აუწყა წმიდანს, რომ სნეულება სასიკვდილო იყო. მან უხმო მოწაფე ანტიოქოსს და სთხოვა, იქ დაესაფლავებინათ, სადაც ალექსანდრიიდან მოსული ხომალდი მოადგა ნაპირს. ანტიოქოსმა შეასრულა მოძღვრის ანდერძი და მის საფლავზე წმიდა ლევკის სახელობის ტაძარიც ააშენა. ნეტარი მამის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.