წმიდა მოწამენი ზენონი და ზინა ქალაქ ფილადელფიაში (არაბეთი) ცხოვრობდნენ. წმიდა ზენონი მდიდარი იყო, ქრისტეს სიყვარულისთვისა და მისთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით აღვსილმა ზენონმა მოწყალებად გასცა მთელი ქონება, მონებიც გაათავისუფლა და მის ერთგულ მსახურ ზინასთან ერთად მმართველის წინაშე წარსდგა და კერპთმსახურებაში ამხილა იგი. ქრისტიანთა მდევნელმა აღმსარებლის წამება ბრძანა. წმიდანები ძელზე დაჰკიდეს. მტარვალებმა მათ რკინის მარწუხებით დაუწყლულეს სხეული, ჭრილობებს ძმრითა და მარილით უღიზიანებდნენ, გახურებული შანთით უწვავდნენ ხორცის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებს, ბოლოს კი ცეცხლიან ორმოში ჩაყარეს და ადუღებული ზეთი გადაასხეს. ღვთის მადლით სასწაულებრივად გადარჩენილ წმიდანებს თავები მოკვეთეს (+304).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.