წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი უფლის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი იყო. მას იოანესაც უწოდებენ. ლუკა მახარებელი მარკოზს ახსენებს „საქმე მოციქულთაში“ (12, 25; 15, 37-39), პავლე მოციქული კი კოლასელთა (4, 10) და ფილიმონის (1, 23) მიმართ ეპისტოლეებში. წმიდა მოციქული პავლესა და ბარნაბასთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას და ქალაქ ბიბლის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ნეტარმა ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ჩრდილიც კი კურნავდა სნეულებს (მის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ 25 აპრილის საკითხავში).
წმიდა მოციქული არისტარქოსი მოხსენებულია მოციქულთა თავის, წმიდა პავლეს ეპისტოლეებში კოლასელთა (4,10) და ფილიმონის (1,23) მიმართ. იგი პავლეს ახლდა თან მქადაგებლური მოღვაწეობის დროს და შემდგომში სირიის ქალაქ აპამეის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდა ეკლესია არისტარქოსს 15 აპრილსაც იხსენებს.
წმიდა სამოცდაათთაგანი მოციქული ზინა მოციქულთა თავის, პავლეს მოწაფე და თანამოსაგრე, სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, შჯულისმეცნიერი იყო. განსწავლულობით გამორჩეულს, მას „შჯულის მწერალი“ შეარქვეს. ნეტარი ნახსენებია პავლეს ეპისტოლეში ტიტე მოციქულის მიმართ: „ზინან შჯულის მწერალი და აპოლო ადრე წარმოვგზავნენ, და ნუმცა რაჲ აკლს მათ“ (3,13). გადმოცემით, ზინა შემდგომში პალესტინის ქალაქ დიოსპოლის ანუ ლიდის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.