რომ. 94 დას. VII, 1-13
ანუ არა უწყითა, ძმანო, - რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, - ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი? რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა. აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან, რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა. ამისთჳს თქუენცა, ძმანო ჩემნო, მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რაჲთა იყვნეთ თქუენ სხჳსა მის მკუდრეთით აღდგომილისა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა. რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი შჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისა; ხოლო აწ განთავისუფლებულ ვართ შჯულისა მისგან და მოვკუედით, რომლითა-იგი შეპყრობილ ვიყვენით, რაჲთა ვჰმონებდეთ ჩუენ განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა.
რაჲ-მე უკუე ვთქუათ? შჯული ცოდვა-მე არსა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ არა ვიცოდე, გარნა შჯულისაგან. რამეთუ გულის-თქუმაჲ არა ვიცოდე, უკუეთუმცა არა შჯული იტყოდა, ვითარმედ: ნუ გული-გითქუამნ. მიზეზი უკუე პოვა ცოდვამან მცნებისა მისგან და შექმნა ჩემ თანა ყოველი გულის-თქუმაჲ: რამეთუ თჳნიერ შჯულისა ცოდვაჲ მკუდარ არს. ხოლო მე ცხოველ ვიყავ ოდესმე თჳნიერ შჯულისა, და ოდეს მოიწია მცნებაჲ იგი, ცოდვაჲ განცოცხლდა, და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად. რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა. ამიერითგან შჯული წმიდა არს, და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ. აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი, რაჲთა ჩნდეს ცოდვა კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან.
მთ. 34 დას. IX, 36 - X, 8
და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. მაშინ ჰრქუა მოწფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი – მცირედ. ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა.
და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი. ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით.