ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი მდიდარი და კეთილშობილი რომაელების შვილი იყო. სიჭაბუკეში მან მშვენიერი განათლება მიიღო, ექიმობის ხელოვნებას დაეუფლა და უსასყიდლოდ მკურნალობდა სნეულებს. მშობლების სიკვდილის შემდეგ სამსონმა მონები გაათავისუფლა და მთელი ქონება მოწყალებად გასცა. მას სურდა, უდაბნოში დაყუდებით განეგრძო ცხოვრება და ამ მიზნით რომიდან აღმოსავლეთისკენ გაეშურა, უფალმა კი სულ სხვაგვარი ღვაწლისკენ მოუწოდა. კონსტანტინეპოლში ჩასული წმიდანი ერთ პატარა სახლში დამკვიდრდა, რომლის კარებიც დღემუდამ ღია იყო ყველასთვის. მოყვასის სიყვარულით აღსავსე მასპინძელი დაუზარლად ემსახურებოდა სტუმრებს. ღმერთმა აკურთხა სამსონის მოღვაწეობა და მას სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანის შესახებ მთელ ქალაქში გავრცელდა ხმა. პატრიარქმა თავისთან იხმო იგი და მღვდლად დაასხა ხელი.
ერთხელ მძიმედ დასნეულებულ იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) ზეგარდმო ეუწყა, რომ მხოლოდ სამსონს შეეძლო მისი განკურნება. მართლაც, მადლმოსილმა მკურნალმა ილოცა, ხელით შეეხო მტკივან ადგილს და თვითმპყრობელმაც შვება იგრძნო. მალე იუსტინიანე სრულიად განიკურნა და გახარებულმა, წმიდანს ოქრო-ვერცხლი შესთავაზა საზღაურად. სამსონმა ჯილდოზე უარი განაცხადა და დავრდომილთა თავშესაფრისა და ქსენონის აგება ითხოვა. იმპერატორმა ხალისით შეასრულა სათხოვარი.
ცხოვრების მთელი დარჩენილი ნაწილი სამსონმა მოყვასის მსახურებას შესწირა. მან ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 530). წმიდანი წმიდა მოწამე მოკის სახელობის ტაძარში დაკრძალეს. მის საფლავთან მრავალი კურნება აღესრულა. დავრდომილთა თავშესაფარი და ქსენონი არ დახურულა. ნეტარი მამა სიკვდილის შემდგომაც ზრუნავდა ტანჯულებზე. იგი ორჯერ გამოეცხადა ქსენონის ერთ დაუდევარ მსახურს და სიზარმაცის გამო გაკიცხა. ღირსი სამსონის თაყვანისმცემელთა თხოვნით დავრდომილთა თავშესაფარი ტაძრად გადაკეთდა, გვერდით კი ახალი შენობა აიგო მწირების მისაღებად. კონსტანტინეპოლის ხანძრის დროს სამსონის თავშესაფარს ალი არ გაჰკარებია. წმიდანის ლოცვით ზეციდან წვიმა გარდამოხდა და ცეცხლი ჩააქრო.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.